ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის ინტერვიუ გამოქყვენდა.
ქართველი თავდამსხმელი საუბრობს ბუნდესლიგის ბოლო ტურში „მაინცთან“ თამაშის მნიშვნელობასა და სამზადისზე. ასევე, კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც.
- რამდენიმე კვირის წინ „ჰაიდენჰაიმი“ ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე იყო, თუმცა კარგი შედეგების სერია იმას ნიშნავს, რომ ბოლო ტურში ავტომატურად გავარდნა შეიძლება თავიდან აიცილოთ. როგორ შეცვალეთ სიტუაცია?
- კვირიდან კვირამდე, პოზიტიურად ვფიქრობთ. ჩვენს თამაშებზე, მოგებაზე, თითოეულ ბრძოლაზე ვართ ორიენტირებულნი და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ვართ ჯერ კიდევ ცოცხლები და ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ბუნდესლიგაში დავრჩეთ.
- როგორ ელით, როგორ მიუდგება გუნდი „მაინცთან“ აუცილებლად მოსაგებ მატჩს?
- როგორც ბოლო რამდენიმე თამაშში, ერთი გუნდივით, კონცენტრირებულები და ყოველი წამისთვის მებრძოლები. საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით კიოლნში. ეს იყო კარგი თამაში და იმედი მაქვს, შაბათს იგივე იქნება. ვამაყობ, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს, რადგან ისინი ყოველთვის კონცენტრირებულები არიან, ყოველთვის მებრძოლები და დარწმუნებული ვარ, იგივეს გავაკეთებთ „მაინცის“ წინააღმდეგ.
- გუნდის საბრძოლო მენტალიტეტი ბოლო კვირების განმავლობაში ნამდვილად აშკარა გახდა. საიდან მოდის ეს?
- ჩემს აქ მოსვლამდეც კი ხედავდით, რომ ისინი არასდროს ნებდებიან. ვფიქრობ, ეს მათგან ვისწავლე. ეს მენტალიტეტი უკვე მქონდა, მაგრამ ახლა ბევრად უფრო მეტად მაქვს. ვფიქრობ, ეს მწვრთნელისგან [ფრანკ შმიდტი] მოდის. მას ყოველთვის საკუთარი თავის სჯერა. არ აქვს მნიშვნელობა, „ბაიერნის“, „ლევერკუზენის“ თუ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ვართ, მას ყოველთვის თამაშის მოგება სურს და ეს ჩვენი მენტალიტეტია. ჩემს წინა კლუბებში ასეთი მენტალიტეტი არასდროს მინახავს.
- „ბაიერნთან“ დაპირისპირებაზე საუბრისას, რამდენად განსაკუთრებული იყო თქვენთვის მიუნხენში ფრედ, 3:3 დასრულებულ მატჩში დუბლის შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთებზე გოლი გაუშვით?
- წარმოუდგენელი იყო, რადგან ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშზე, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მათ წინააღმდეგ ორ გოლს გავიტანდი ისეთ სტადიონზე, როგორიც „ალიანს არენაა“. ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო. ვფიქრობ, მეორე გოლის შემდეგ ზეიმიც ნახეთ. ეს ჩემთვის დიდი დღე იყო, რადგან მთელი ჩემი ოჯახი სტადიონზე იმყოფებოდა. ისინი საქართველოდან სპეციალურად იმ თამაშისთვის ჩამოფრინდნენ. როდესაც ორი გოლი მათ თვალწინ გავიტანე, წარმოუდგენელი გრძნობა იყო.
- როგორ აფასებთ „ჰაიდენჰაიმის“ შანსებს „მაინცთან“ მატჩში?
- „მაინცი“ კარგი გუნდია და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ცოტა მეტი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ. ისინი არასდროს ჩერდებიან. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და ვფიქრობ, შაბათი გიჟური იქნება. დრამას ველოდები - მახსოვს, როდესაც „დორტმუნდს“ ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა, მათ „მაინცთან“ ითამაშეს და ფრედ 2:2 დაასრულეს, რითაც ჩემპიონობა ვერ შეძლეს. ჩვენ ტიტულისთვის არ ვთამაშობთ, მაგრამ ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ვთამაშობთ. ამ კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რადგან ეს გუნდი იმსახურებს უმაღლეს დივიზიონში ყოფნას.
- ეს თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია?
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფი მქონდა. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან როდესაც ქვეყნის სახელით თამაშობ, ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის, ქალაქისთვის - ყველასთვის. ვფიქრობ, ფეხბურთელები ამას ხვდებიან და შაბათისთვის მზად ვართ.
- რას ფიქრობთ თქვენს ეროვნულ ნაკრებში, თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დიდი როლი ითამაშა „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ „ბაიერნის“ დამარცხებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში?
- ის მოედანზე საუკეთესო მოთამაშე იყო ორივე ნახევარფინალში და ფინალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან ვამაყობთ მისით. საქართველოში ბევრმა ფეხბურთელმა, მათ შორის მეც, რწმენა მოიპოვეს მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ საქართველოდან ჩამოსულ ბიჭს ასეთ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და გაიფიქრეს: რატომაც არა მე?
ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, გასულ სეზონში "ჰაიდენჰაიმის" მაისურით ნახევარ სეზონში 17 თამაშში 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო მანამდე, სეზონის პირველ ნახევარში "კარლსრუეს" მაისურით II ბუნდესლიგაში 12 გოლი მიითვალა. ის პირველი ფეხბურთელია "ჰაიდენჰაიმის" ისტორიაში, რომელმაც ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაიტანა (5 გოლი - „უნიონის“, „ფრაიბურგის“, „ზანკტ პაულისა“ და „ბაიერნის“ წინააღმდეგ).





