18-წლამდე 7-კაცა ნაკრების კანდიდატები ხვალ შეიკრიბებიან და რაგბი ევროპის ტურნირისთვის მზადებას შეუდგებიან. პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს კლუბებში მოთამაშე მორაგბეები შეიკრიბებიან, მოგვიანებით კი მათ დასავლეთ საქართველოს გუნდების მოთამაშეებიც შეუერთდებიან.
გასულ შაბათ-კვირას “შევარდენის სანაკრებო” ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ტურნირი ჩატარდა, რომელშიც 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ამან გუნდის მთავარ მწვრთნელ დიმიტრი კიკნაძეს და მის ასისტენტ ლუკა ხეხელაშვილს, სელექციის კუთხით დიდი დახმარება გაუწია.
“ეს ტურნირი ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. აქამდე კანდიდატებს მხოლოდ 15-კაცა რაგბის თამაშისას ვაკვირდებოდით, ახლა კი მოთამაშეებმა უშუალოდ 7-კაცა ითამაშეს. ეს მათთვის შესაძლებლობაა, საუკეთესოდ წარმოეჩინათ საკუთარი თავი უშუალოდ 7-კაცას სპეციფიკაში. შესაძლოა, რომელიმე მოთამაშე 15-კაცა რაგბში არ იყოს გამორჩეული, თუმცა ფლობდეს 7-კაცასთვის საჭირო უნარებს” - აღნიშნა დიმიტრი კიკნაძემ.
ტურნირის გამარჯვებული თბილისის ‘არმია’ გახდა, რომელმაც ფინალში ‘ყოჩები’ დაამარცხა, მესამე ადგილს კი ‘წითელი ლელო’ დაეუფლა, მან ‘აკადემიას’ სძლია. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ ჩაჩანიძე გახდა, საუკეთესო მელელოვე კი გიორგი ბურდული ‘ხვამლიდან’ (11 ლელო).
„რამდენიმე მორაგბე გამოვარჩიეთ. რამდენიმე მათგანი 15-კაცადანაც გვყავდა მონიშნული. ხვალიდან აღმოსავლეთის ჯგუფთან მუშაობას ვიწყებთ. გვაქვს სირთულეები, რადგან ამ პერიოდში 15-კაცა 18-წლამდე ნაკრებსაც უწევს თამაშები. გარდა ამისა, ივლისში ამ ბიჭების ნაწილს ეროვნული გამოცდები ექნება. ამიტომ, ჩვენი სურვილია რაც შეიძლება დიდი ჯგუფი გვყავდეს, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს გადაზღვევა“ - ამბობს კიკნაძე.
მომავალ შაბათს 18-წლამდელთა 7-კაცა ტურნირი ფოთში ჩატარდება, სადაც დასავლეთ საქართველოს 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, შესაძლოა, მათ რამდენიმე გუნდი აღმოსავლეთ საქართველოდანაც დაემატოს.







