ფეხბურთი

1:08 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილმა "ლივერპული" ვერ გადაარჩინა: "ასტონ ვილა" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „ლივერპული“ „ასტონ ვილას“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 2:4 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 4 გოლის გაშვების მიუხედავად თანაგუნდელთა შორის იშვიათი ნათელი წერტილი იყო, რადგან არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი.

ანგარიში 42-ე წუთზე ეფექტური გოლით მორგან როჯერსმა გახსნა, რასაც 52-ე წუთზე ვირჯილ ვან დეიკმა უპასუხა. თუმცა, 5 წუთის შემდეგ დომინიკ სობოსლაის საჯარიმოსთან ფეხი დაუცდა, რითაც უნაი ემერის გუნდმა ისარგებლა და ოლი უოტკინსმა მასპინძლები მეორედ დააწინაურა. 73-ე წუთზე მან დუბლი შეასრულა: მამარდაშვილმა ზედიზედ ორი დარტყმა მოიგერია, მათ შორის, მეორე პაუ ტორესის ძალიან ახლო მანძილიდან, მაგრამ მესამედ უოტკინსმა დაამატა და შეაგდო - გაუგებარია სტუმართა მცველების მოქმედება ამ ეპიზოდში... 89-ე წუთზე ჯეიმს მაკგინმა დიდებული დარტყმით ქართველის კარი მეოთხედ დალაშქრა. „წითლების“ მაქსიმუმი კომპენსირებულ დროში ვან დეიკის გოლი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. მამარდაშვილმა თამაში 5 მოგერიებით დაასრულა.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 10, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

„ლივერპული“ 59 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჯერ არ გაუნაღდებია ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ ბოლო ტურში შინ თითქმის უმოტივაციო „ბრენტფორდს“ თუ დაამარცხებს, ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად გავა. „ასტონ ვილა“ 62 ქულით მეოთხეა და ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა, წინ კი ევროპა ლიგის ფინალი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091897