ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელებმა დანიელე ადანიმ, ნიკოლა ვენტოლამ და ანტონიო კასანომ Viva el futbol-ში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს.
კასანო ჯერ კიდევ წლების წინ ამტკიცებდა, რომ კვარაცხელია „მილანის“ ფეხბურთელ რაფაელ ლეაოზე ძლიერი იყო, რაც მან ხალხს ახლა შეახსენა და თქვა:
„როდესაც ვამბობდი, რომ კვარა ლეაოზე მაგარი იყო, ხალხი არ მეთანხმებოდა. დღეს, ლუის ენრიკეც ამბობს, რომ ერთ-ერთია, ვინც ოქროს ბურთი უნდა მოიგოს. მუნდიალი რომ არ იყოს, მას ოქროს ბურთსაც ვაჩუქებდი, იმის გამო, რასაც აკეთებს, არა „ტულუზთან“, „კიევოსთან“ ან „სან მარტინეზესთან“, არამედ, ლიგის მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალში რას აკეთებს? ფიზიკური ძალა, დრიბლინგი, გოლი, ყველაფერი...
დღეს, ალბათ, ლუის დიასთან ერთად მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია. როდესაც ვამბობდი, რომ ძალიან მაგარი იყო, არ სჯეროდათ, მაგრამ კვარა სხვა დონეზე იყო თუნდაც, ლეაოსთან შედარებით“, - თქვა კასანომ.
ადანიმ ვენტოლას და კასანოს ჰკითხა, ამჟამინდელი მოცემულობით, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი არ გამართულა, შეიყვანდნენ თუ არა, ხვიჩას ოქროს ბურთზე ხუთეულში, რაზეც ყველამ თქვა, რომ - კი. შემდეგ ადანიმ იკითხა შეიყვანდნენ თუ არა, სამეულში, რაზეც კასანომ და ვენტოლამ თქვეს, რომ სამეულში არა:
„ბაიერნის“ დუეტი წინაა, ოლისე და კეინი, რომელმაც 55 გოლი გაიტანა. მესამე? დემბელე, იცით, რომ მასზე არ ვგიჟდები“, - თქვა კასანომ, ხოლო ვენტოლამ დაამატა ერლინგ ჰოლანდი. ნორვეგიელის კვარაცხელიაზე წინ დაყენებას კი, არც ადანი დაეთანხმა და არც კასანო.
ადანიმ აღნიშნა: „მე, დღეისთვის, როცა ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი არ ჩატარებულა, სამეულშიც შევიყვანდი“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 46 შეხვედრაში 19 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.





