ფეხბურთი

17:48 | 16.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჰართსს" წუთები დააკლდა, "სელტიკი" შოტლანდიის ჩემპიონია

გლაზგოს „სელტიკი“ შოტლანდიის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა. ბოლო ტურში პრემიერშიპის ნამდვილი ფინალი შედგა, რადგან ჩემპიონობისთვის მებრძოლი „სელტიკი“ და „ჰართსი“ ერთმანეთს შეხვდნენ.

„ჰართსი“ მთელი სეზონი ლიდერობდა, მაგრამ ორი ქულა მაინც გზაში უფრო სუსტ გუნდთან რომ არ დაეკარგა, „სელტიკ პარკზე“ ქულის მოპოვების აუცილებლობით ჩასვლა არ მოუწევდა. ამიტომ, რაც მოხდა, მათ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

„ჰართსმა“ „სელტიკთან“ სეზონში მეოთხე მატჩიდან პირველი წააგო (2 მოგება, 1 ფრე), მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი - სუფთა გაგებით ფინალი. ფინალი, რომელშიც „სელტიკს“ მხოლოდ მოგება აწყობდა, „ჰართსს“ ფრეც ეყოფოდა ჩემპიონობისთვის.

და, „ჰართსი“ ამასთან ძალიან ახლოს იყო. დერეკ მაკლენსის გუნდი 43-ე წუთზე ლოურენს შენკლენდის გოლით დაწინაურდა და დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობსიკენ. თუმცა, „სელტიკმა“ პირველი ტაიმის დასრულებამდე გაათანაბრა, პენალტი არნე ენგელსმა გაიტანა. არავინ იცის, რა მოხდებოდა მეორე ტაიმში „ჰართსს“ პირველი ნახევარი რომ მოეგო, რადგან ბოლოს გაშვებულმა გუნდმა „სელტიკს“ ფრთები შეასხა.

თუმცა, „ჰართსი“ მაინც ძალიან ახლოს იყო მიზანთან, 88-ე წუთამდე სასურველ შედეგს (1:1) ინარჩუნებდა, იქამდე, სანამ, დაიზენ მაედამ ახლო მანძილიდან არ გაიტანა და ყველაფერი გადაწყვიტა, არათუ მატჩის, არამედ, სეზონის ბედი. 96-ე წუთზე კალუმ ოსმანის გოლი ცარიელ კარში უბრალოდ სტატისტიკისთვის იყო, რადგან „ჰართსი“ სასოწარკვეთილი უტევდა და დაკარგული ბურთის შემდეგ მასპინძლებმა ცარიელ კარში გაიტანეს.

„სელტიკმა“ სეზონი 82 ქულით დაასრულა, „ჰართსმა“ 80-ით. მარტინ ონილის გუნდი ბოლო 14 სეზონში მე-13-ედ გაჩემპიონდა, ისტორიაში 56-ედ და ზედიზედ მეხუთედ.

1985 წელს, „აბერდინი“ რომ გაჩემპიონდა, მას შემდეგ შოტლანდიის ჩემპიონატს მხოლოდ ორი გუნდი იგებს: „სელტიკი“ ან „რეინჯერსი“. „ჰართსი“ ამ ტრადიციის დარღვევასთან ახლოს იყო, მაგრამ წუთები დააკლდა...

„სელტიკი“ – „ჰართსი“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 შენკლენდი (43), 1:1 ენგელსი (45. პენ), 2:1 მაედა (88), 3:1 ოსმანი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087753