„რასინგმა“ ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში „ვალიადოლიდი“ 4:1 დაამარცხა და ლა ლიგის საგზური მოიპოვა.
გიორგი გულიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ტრავმა მიიღო და 23-ე წუთზე შეცვალეს. ამ ეტაპზე უცნობია ტრავმის სიმძიმე, მაგრამ მატჩის შემდეგ ზეიმში ის ჩვეულებრივ მონაწილეობდა, ასე რომ, სერიოზული არაფერი უნდა იყოს. გოლები ამის შემდეგ გავიდა და ხოსე ალბერტოს გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. გულიაშვილი „რასინგს“ იანვარში შეუერთდა და ძირითადი შემადგენლობის წევრად უმალვე იქცა: ლა ლიგაში დაწინაურებაში მან წვლილი 17 მატჩში 6 გოლით და 2 საგოლე პასით შეიტანა.
უდიდესი ალბათობით, გიორგი "რასინგში" დარჩება და მომდევნო სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს, შეუერთდება გიორგი დემეტრაძეს, შოთა არველაძეს, გიორგი ქოჩორაშვილს, გიორგი მამარდაშვილს, გიორგი მიქაუტაძეს - ქართველ ფეხბურთელებს, რომლებსაც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში უთამაშიათ.
სანტანდერის „რასინგმა“ 78 ქულა დააგროვა, ლიდერია და ლა ლიგას 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რადგან დარჩენილ ორ ტურში მეორე ადგილს მაინც ვერ ჩამოსცდება. მომდევნო ტურში მისი მეტოქე 24 მაისს, „მალაგა“ იქნება, რომელიც მეორე ადგილისთვის იბრძვის.
ზოგადად, მეორე საგზურისთვის „მალაგა“, „დეპორტივო“, „ალმერია“ და „ლას პალმასი“ იბრძვიან. მოგეხსენებათ, ლა ლიგაში პირველი-ორი გუნდი პირდაპირ გადავა, ხოლო მესამე-მეექვსეადგილოსნები დარჩენილი ერთი საგზურისთვის პლეი-ოფიდან იბრძოლებენ.





