ფეხბურთი

20:06 | 17.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის მეხუთე გოლი გერმანიის II ბუნდესლიგაში

გერმანიის II ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ნიურნბერგი“ სტუმრად „ჰანოვერს“ დაუზავდა, ლუკა ლოჩოშვილმა კი გოლი გაიტანა.

ქართველმა მცველმა ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 83-ე წუთზე მეტოქის კარში ბურთი თავური დარტყმით ზუსტად გადაგზავნა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - მატჩი 3:3 დასრულდა.

ეს ქულა „ნიურნბერგს“ არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ „ჰანოვერისთვის“ დაკარგულმა ორმა ქულამ ის შეცვალა, რომ მესამე ადგილზე ვერ გავიდა, სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ვერ მოხვდა.

ლოჩოშვილმა „ნიურნბერგში“ თავის სადებიუტო სეზონი დიდებულად ჩაატარა, პირდაპირი მოვალეობა შესანიშნავად ხომ შეასრულა და 33 მატჩში 5 გოლიც გაიტანა. ამბობენ, რომ უფრო მაღალი დონის გუნდები მის მიმართ ინტერესს იჩენენ და შეიძლება ზაფხულში ბუნდესლიგაშიც კი ვიხილოთ. „ნიურნბერგმა“ სეზონი 46 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა.

ბუნდესლიგაში გადავიდნენ „შალკე“ და „ელვერსბერგი“, ხოლო „პადერბორნი“ ამისთვის პლეი-ოფში „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. II ბუნდესლიგიდან გავარდნენ „დიუსელდორფი“ და „მიუნსტერი“, ხოლო ამის თავიდან ასაცილებლად პლეი-აუტში ბრძოლა „ფიურტს“ მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164801