ესპანეთის ლა ლიგის 37-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა და 0:2 წააგო, შესაბამისად, ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.
ქართველ ფორვარდს, რომელმაც წინა ტურში გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ამჯერად არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე დარჩა, ისევე, როგორც „ვილიარეალის“ კიდევ ერთი ლიდერი, ნიკოლა პეპემ. მარსელინომ გადაწყვიტა მათთვის არცთუ მნიშვნელოვან მატჩში შანსი სხვებზეც მიეცა.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 41 შეხვედრაში 14 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.
„ვილიარეალი“ 69 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ ქულებით „ატლეტიკო“ გაუთანაბრდა და თუ სამეულში სეზონის დასრულება სურს, ბოლო ტურში 24 მაისს, სწორედ „ატლეტიკოსთან“ შინ არ უნდა წააგოს.
ესპანეთის ლა ლიგაში მთავარი ინტრიგები გასავარდნ ზონაშია. „ლევანტემ“ „მალიორკა“ დაამარცხა, ზედიზედ მესამედ მოიგო და გასავარდნი ზონა დატოვა, 42 ქულით მე-15 ადგილზეა. ასევე, 42-42 ქულა აქვთ „ოსასუნას“ და „ელჩეს“. გასავარდნ ზონაში ჩაეშვა „ჟირონა“, რომელიც „ატლეტიკოსთან“ 0:1 დამარცხდა (40 ქულით მე-18 ადგილზეა), ხოლო „მალიორკა“ 39 ქულით მე-19 საფეხურს იკავებს.
ამოისუნთქეს „ესპანიოლმა“ და „ვალენსიამ“, რომლებმაც შესაბამისად, „ოსასუნა“ (2:1) და „სოსიედადი“ (4:3) დაამარცხეს. ბარსელონელებმა 45 ქულა დააგროვეს, ვალენსიელებმა 46 და გავარდნის საფრთხე აღარ ემუქრებათ.
სამაგიეროდ, ბოლომდე მშვიდად ვერ იქნება ორი გუნდი: „ალავესი“, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო (ოვიედოსთან 1:0) და „სევილია“, რომელიც „რეალთან“ 0:1 დამარცხდა. ორივე გუნდს 43-43 ქულა აქვთ.
ბოლო ტურში გადარჩენისთვის ბრძოლაში ყველაზე საინტერესო ჯახი „ჟირონასა“ და „ელჩეს“ შორისაა მოსალოდნელი.





