ფეხბურთი

0:59 | 18.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ლიგა 1 მარცხით დაასრულა, "სენტ ეტიენის" მეტოქეც გაირკვა: დრამების ბოლო ტური საფრანგეთში

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის ბოლო ტურში პარიზულ დერბიში სტუმრად „პარიზთან“ მარცხი განიცადა - 1:2.

პსჟ 50-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ დააწინაურა, რასაც მასპინძლებმა 76-ე წუთზე ალიმანი გორის გოლით უპასუხეს. მანვე კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და „პარიზმა“ დერბი 2:1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს ლიგა 1-ის თასი მატჩის დაწყებამდე გადასცეს, რადგან „პარიზმა“ მატჩის შემდეგ სტადიონის დათმობაზე უარი თქვა - მოტივით, რომ ლიგა 1-ში დარჩენა უნდა ვიზეიმოთო.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 58-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს უსმან დემბელე დაუშავდა, რომელიც პირველივე ტაიმში შესაცვლელი გახდა. ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის 2025-2026 წლების სეზონი 28 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი 47 მატჩი, 19 გოლი და 10 საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენმა“ 76 ქულით დაიკავა პირველი ადგილი და ახლა 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალთან“ მატჩისთვის მოემზადება.

ლიგა 1-ის ბოლო ტურში „მეცი“ სტუმრად „ნიცას“ დაუზავდა - ფრე 0:0. გიორგი წიტაიშვილს არ უთამაშია, ხოლო გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია მოედანზე შეუცვლელად იყვნენ. განსაკუთრებით აბუაშვილი აქტიურობდა, რამდენიმე საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

გიორგი წიტაიშვილმა ლიგა 1-ს სეზონი 33 თამაშში 3 გოლით და ორი საგოლე პასით დაასრულა. გიორგი ქვილითაიას აქტივში 10 შეხვედრაში 2 გოლია, გიორგი აბუაშვილმა კი 22 თამაშში ასევე ორი გოლი გაიტანა. „მეცი“ 17 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონში ლიგა 2-ში ითამაშებს. მატჩის შემდეგ მოედანზე „ნიცას“ ფანები შევარდნენ. იგივე მოხდა „ნანტი“ – „ტულუზის“ მატჩშიც, ოღონდ პირველ ტაიმში და თამაში ჩაიშალა.

ლიგა 1-ში ბოლო ტურში სხვა რამეებიც გაირკვა: მაგალითად, მე-16 ადგილოსანი და შესაბამისად, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენის“ მეტოქე პლეი-აუტში. ეს „ნიცა“ იქნება, რომელმაც „მეცს“ ვერ მოუგო და 32 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა. „ნიცა“ და „სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ის საგზურისთვის ორჯერ შეხვდებიან - შინ და სტუმრად.

შედეგად, ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნეს „ოსერმა“ და „ლე ავრმა“, ხოლო „ნანტი“ და „მეცი“ ამ ტურამდეც გავარდნილები იყვნენ.

ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ გავიდა „ლილი“, მიუხედავად იმისა, რომ შინ „ოსერთან“ 0:2 დამარცხდა. „ლილს“ იმან უშველა, რომ მისი კონკურენტი „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ლანსთან“ 0:4 განადგურდა. „ლიონი“ მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა „მარსელმა“, ხოლო „რენი“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს თუ ევროპა ლიგაზე (შესაბამისად, „მონაკო“ კონფერენს ლიგაზე), ეს გაირკვევა საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ფინალში „ლანსი“ – „ნიცაა“: თუ „ლანსი“ მოიგებს, „რენი“ ევროპა ლიგაზე და „მონაკო“ კონფერენს ლიგაზე იქნება, ხოლო თუ „ნიცა“ მოიგებს, რომელსაც გასავარდნი პლეი-აუტიც აქვს წინ, ევროპა ლიგაზე გავა, „რენი“ კონფერენს ლიგაზე და „მონაკო“ ევროსარბიელს მიღმა დარჩება.

ერთი დამთხვევაც: შარშან, „რეიმსი“ იყო საფრანგეთის თასის ფინალში, მაგრამ ჩემპიონატში მე-16 ადგილზე გავიდა, პლეი-აუტი ითამაშა (სადაც „მეცთან“ წააგო და გავარდა). იგივე მდგომარეობაშია, ახლა „ნიცა“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.080858