თბილისის 7-კაცას ფინალში, ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ლელოს’ სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა, ქალებს შორის კი პირველი ადგილი ‘პრინცესებმა’ დაიკავა.
ორდღიან ტურნირს, რომელშიც რვა კაცთა და ოთხი ქალთა გუნდი მონაწილეობდა, 16 და 17 მაისს „ლოკომოტივის სარაგბო ბაზამ“ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ კაცთა და ქალთა ტურნირები, ერთდროულად პირველად გაიმართა.
კაცთა ტურნირში crocobet დიდი 10-ის შვიდმა გუნდმა - ბათუმის ‘ბათუმმა’, ქუთაისის ‘არესმა’, რუსთავის ‘ხარებმა’ და თბილისის ოთხმა კლუბმა: ‘ლელომ’, ‘არმიამ’, ‘წიქარამ’ და ‘ხვამლმა’ ითამაშა, ხოლო მერვე მონაწილე საქართველოს 7-კაცა ნაკრების დებიუტანტები იყვნენ. ეს გუნდი ნაკრების იმ კანდიდატებით დაკომპლექტდა, რომელთაც 7-კაცა რაგბი საერთაშორისო დონეზე არასდროს უთამაშიათ.
7-კაცა ნაკრების სხვა კანდიდატები სხვადასხვა კლუბში იყვნენ გადანაწილებული, რამაც მათ სათამაშო პრაქტიკა, 7-კაცა ნაკრების მწვრთნელებს კი მათზე დაკვირვების შესაძლებლობა მისცა.
რაც შეეხება 7-ქალას, აქ ოთხი მონაწილე იყო: ‘პრინცესები’, ‘ლოკომოტივი’, ‘აია’ და ნაკრების ბაზაზე შექმნილი გუნდი. მათ პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის სამ-სამი შეხვედრა ჩაატარეს, 17-ში კი ნახევარფინალები და ფინალები გამართეს. აქ პირველი სამი ადგილი ასე განაწილდა - ‘პრინცესები’, ‘ლოკომოტივი’ და ‘აია’.
კაცთა შორის პირველი სამი ადგილი, შესაბამისად, ‘არესმა’, ‘ლელომ’ და “დებიუტანტების ნაკრებმა” გაინაწილეს, ქალთა შორის კი ჩემპიონი ‘პრინცესები’ გახდა.
გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებიც და კაცთა შორის ეს პრიზი ‘არესის’ მორაგბე მიხეილ ჟორჟოლიანს, ქალთა შორის ანა პოღოსიანს ერგო. კაცთა შორის გამოვლინდნენ საუკეთესო მელელოვეები - ლაშა კაკაურიძემ (ხვამლი) და გიორგი გამყრელიძემ (არმია) 6-6 ლელო გაიტანეს.
თბილისის 7-კაცათი კმაყოფილი დარჩა საქართველოს 7-კაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნოზაძე:
“პირველ რიგში დიდი მადლობა მოთამაშეებს, რომლებმაც დამღლელი სეზონის შემდეგ 7-კაცას თამაშის სურვილი გამოთქვეს, ასევე კლუბებსა და მათ მწვრთნელებს, რომლებმაც ნაკრების კანდიდატებს თავიანთი კლუბის სახელით თამაშის შესაძლებლობა მისცეს”.
“მსგავს ტურნირებს და ზოგადად შვიდკაცას თამაშს შემდეგი მიზნები აქვს: ტურნირის ოფიციალურ პირებს - მსაჯებს, კომისრებს და ორგანიზატორებს, მაღალ წნეხსა და ინტენსივობაში განვითარების შესაძლებლობა მიეცათ; ბევრჯერ ვახსენე და განვმეორდები, 7-კაცა ყველაზე დინამიური და ინტენსიური გუნდური სპორტის სახეობაა, შესაბამისად, მწვრთნელებისთვის 7-კაცას სპეციფიკის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უმოკლეს დროში უწევთ თამაშის ანალიზი და მომდევნო შეხვედრის სწორედ დაგეგმვა, რაც ორი დღის განმავლობაში ხუთჯერ უნდა გააკეთონ და ეს აუცილებლად გაზრდის მათ უნარებს”.
“ამასთან, მსგავსი ტურნირები გვეხმარება 7-კაცა რაგბის კანდიდატთა რაოდენობის ზრდაში. მნიშვნელოვანია, რომ თითო პოზიციაზე გვყავდეს ოთხი კონკურენტ უნარიანი მოთამაშე, რომლებიც სხვადასხვა ფორმატის საერთაშორისო ტურნირებში ითამაშებენ. და ბოლოს, თავად მოთამაშეებისთვის აქ შეძენილი ტექნიკური, ფიზიკური და მენტალური უნარები, მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ზოგად სარაგბო სათამაშო ცოდნას. ეს ყველაფერი კი, მთლიანობაში ქართული რაგბის განვითარებას დაეხმარება, რაც საბოლოოდ აუცილებლად აისახება როგორც 15-კაცა და 7-კაცა ეროვნული ნაკრებების, ასევე კლუბების სათამაშო ხარისხზე”.
7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მაისურაძემ განაცხადა:
“რამდენიმე ძალიან კარგი, ინტენსიური და დაძაბული თამაში შედგა, რაც ძალიან კარგია. ჩვენთვის ამ ტურნირის დანიშნულება არის, რომ ჩამოვყალიბდეთ სელექციაში და გაფართოებული შემადგენლობიდან შევარჩიოთ ის 14 მოთამაშე, რომლებიც გაემგზავრებიან ჯერ მოსამზადებელ ტურნირზე, მერე კი რაგბი ევროპის ალაფაზე”.
“ეს წელს მეოთხე ტურნირი იყო ქალთა შორის და მომავალ კვირაში მეხუთე გვექნება. გვაქვს სურვილი, რომ შევქმნათ ქალთა ჩემპიონატი, რომელსაც რეგულარული სახე ექნება და უკვე შემოდგომიდან, განახლებული ძალებით განვაახლებთ მცდელობებს”.
RUGBY.GE







