ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკოს" მაისურით "მეტროპოლიტანოზე" ბოლო მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც ის კლუბს და გულშემატკივარს საკმაოდ ემოციურად დაემშვიდობა. ფრანგმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს "ბარსელონაში" გადასვლის გამო კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში.
„პირველ რიგში, მინდა ყველას გადაგიხადოთ მადლობა, რომ ჩემ გვერდით იდექით. ეს საოცარი გრძნობაა. მეორე კი ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ვიცი, ბევრმა თქვენგანმა ეს უკვე მოისმინა, ზოგს კი ჯერ არა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოგიხადოთ "ბარსელონაში" გადასვლის გამო. ვერ ვხვდებოდი, რამდენად დიდი სიყვარული მქონდა აქ. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, შეცდომა დავუშვი, შემდეგ ყველაფერი გადავაფასე და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქ დავბრუნებულიყავით და ეს ყველაფერი თავიდან შეგვეგრძნო.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს. 2014 წლიდან დღემდე წარმოუდგენელი იყო თქვენთან ერთად ყოველი დღის, ყოველი ვარჯიშის, ყოველი ბრძოლის, გამარჯვებისა და მარცხის გაზიარება. თქვენთან ერთად ბრძოლა დაუვიწყარი იყო.
მადლობა ფიზიოთერაპევტებსა და ეკიპირების მენეჯერებს, რომლებიც დილის 6 საათზე იღვიძებენ, რომ მასაჟები გაგვიკეთონ, და ბოლოს მიდიან ბაზიდან.
მადლობა სამწვრთნელო შტაბს და ადამიანს, რომელმაც ამ კლუბში ყველაფერი შეცვალა — დიეგო სიმეონეს. შენი წყალობითაა ამ სტადიონზე და გასახდელში ასეთი ემოცია და მუხტია. შენი წყალობით მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და თავი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად ვიგრძენი. შენთვის ბრძოლა უდიდესი პატივი იყო.
უნდა ვახსენო ჩემი საყვარელი მსუქანა ბიჭი — ჩვენი კაპიტანი კოკე. პირადად არ ვიცი, მე ლეგენდა ვარ თუ არა, მაგრამ შენ, ჩემო მეგობარო, ამ კლუბის ნამდვილი ლეგენდა ხარ", - განაცხადა გრიზმანმა.
ანტუან გრიზმანის კარიერა „სოსიედადში“ დაიწყო, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და 2014 წელს „ატლეტიკოში“ გადავიდა, რომლის მაისურით 488 შეხვედრაში 211 გოლი აქვს გატანილი. 2019-2021 წლებში ის „ბარსელონაშიც“ თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანი ოფიციალურად კარიერას "ორლანდოში" გააგრძელებს, ფრანგმა ფეხბურთელმა ამერიკულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.





