ფეხბურთი

20:45 | 18.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "სეზონის განმავლობაში ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ გახდა, ხოლო პირველად ბომბარდირი, „რაპიდთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, „ლასკი“ ჩემპიონი დამსახურებულად გახდა, რადგან „შტურმმა“ სეზონის განმავლობაში ბევრი შანსი დაკარგა.

„ვფიქრობ, რომ გუნდი კარგია, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ მოცემული შესაძლებლობები. ბევრ თამაშში, ერთი ქულის ნაცვლად სამი ქულის მოპოვებამდე სულ რაღაც მილიმეტრში ვიყავით. საბოლოო ჯამში, უბრალოდ ვერ მოვახერხეთ და ამიტომ ვულოცავ „ლასკს“. ლინცის გუნდმა დაიმსახურა ეს: მათ განსაკუთრებულად კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში. უბრალოდ მათი წელი იყო“, - თქვა კიტეიშვილმა.

„შტურმი“ „რაპიდთან“ გიზო მამაგეიშვილის ეფექტური გოლით დაწინაურდა, რასაც მალევე შტეფან ჰიერლანდერის შესანიშნავი ჯარიმა მოჰყვა, რომელმაც გრაცულ გუნდში ბოლო მატჩი ჩაატარა. როგორც ვეტერანმა ავსტრიელმა აღნიშნა, დარტყმის წინ მას კიტეიშვილმა უთხრა: „ბექჰემივით უნდა იყო, გვაჩვენე რა შეგიძლია“.

ჰიერლანდერმა ჯარიმა მართლაც დიდებულად დაარტყა და გაიტანა, ხოლო კიტეიშვილი გოლს იქამდე ზეიმობდა, სანამ მისი თანაგუნდელი ბურთს ფეხს შეახებდა...

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-2026 წლების სეზონში 29 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 15 გოლით ბობარდირი გახდა. ასე, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს, რომელიც ზედიზედ მესამედ მოიგო, ბომბარდირობაც დაუმატა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 41 თამაშში 19 გოლი და 4 საგოლე პასია. მამაგეიშვილს „შტურმში“ 13 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ერთხელ გოლი გაიტანა, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერ პენალტი კი მოიპოვა.

„შტურმი“ ორი ქულით ჩამორჩა „ლასკს“, რომელმაც „აუსტრიას“ 3:0 აჯობა და 1965 წლის შემდეგ პირველად გაჩემპიონდა. შეგახსენებთ, რომ „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი 2024-2025 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა. „შტურმმა“ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091161