ლონდონის „არსენალი“ ამ დღეს 22 წელი ელოდა, მიკელ არტეტა - 5 და, აი, ისიც დადგა: „არსენალი“ ინგლისის ჩემპიონია!
„მეთოფეებმა“ „ბარნლის“ გუშინ მოუგეს, მაგრამ დღეს მისი კონკურენტი „მანჩესტერ სიტი“ „ბორნმუთთან“ ვერაფერს გახდა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ საჩემპიონო რბოლა დასრულებულია, „არსენალი“ გაჩემპიონდა.
ანდონი ირაოლას გუნდმა „მანჩესტერ სიტისთან“ ელი ჟუნიორ კრუპის გოლით დაწინაურება მოახერხა, რასაც მეოთხე კომპენსირებულ წუთზე ერლინგ ჰოლანდმა უპასუხა და გაათანაბრა, მაგრამ ფრე მანჩესტერელებს ბრძოლაში დასარჩენად არ ეყოთ. „ბორნმუთს“ კი ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქულა დააკარგვინეს.
„მანჩესტერ სიტი“ 78 ქულით მეორე ადგილზეა, 4 ქულით ჩამორჩა კონკურენტს და „ასტონ ვილასთან“ ბოლო ტურის მატჩს მისთვის აზრი დაეკარგა, „არსენალი“ ბოლო ტურში „კრისტალ პალასს“ ჩემპიონის რანგში ეწვევა. არადა, ზუსტად 1 თვის წინ, 19 აპრილს, „სიტიმ“ „არსენალი“ დაამარცხა და ყველაფერი ძალიან დაიძაბა, მაგრამ მას შემდეგ ლონდონელებს ქულა არ დაუკარგავთ, მაშინ, როცა „სიტიმ 4 ქულა დაკარგა.
ამრიგად, პეპ გვარდიოლას 10-წლიანი მოღვაწეობა „სიტიში“ 20 ტიტულით სრულდება, რომელთაგან ბოლო ცოტა ხნის წინ მოიგო - ასოციაციის თასი. პეპი სეზონის ბოლოს „სიტის“ დატოვებს და მას ენცო მარესკა შეცვლის. ამას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.
„ბორნმუთმა“ 56 ქულა დააგროვა, 3 ქულით ჩამორჩება „ლივერპულს“ და აგრძელებს ბრძოლას მეხუთე ადგილისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, მაგრამ ამის შანსი დაბალია, თუმცა, თუ „ასტონ ვილა“ ევროპა ლიგას მოიგებს და სეზონს პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზე დაასრულებს, რაც ძალიან რეალური სცენარია - ამ შემთხვევაში, „ბორნმუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავა, თუ თავად სეზონს მეექვსე ადგილზე დაასრულებს, უახლოეს მდევარ „ბრაიტონს“ კი 3 ქულით უსწრებს.
„არსენალი“ ინგლისის ჩემპიონი 2004 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მე-14-ედ გახდა.
„ბორნმუთი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 კრუპი (39), 1:1 ჰოლანდი (90)





