რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგე ჰაჯიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.
როგორც მან თქვა, უნდა ეცადონ, რომ ბურთის ფლობა ჰქონდეთ და თამაში გააკონტროლონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პრობლემების შექმნას შეძლებს, რადგან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს:
„უპირველეს ყოვლისა, ვმუშაობთ საქართველოს ნაკრების კარგად გაანალიზებაზე, როგორც მათი, ასევე უელსელების. საქართველო ძალიან კარგი გუნდია ბურთით, თუ მათ თამაშის საშუალებას მისცემთ, შეუძლიათ ბევრი პრობლემა შეგიქმნან. ძალიან აგრესიულები უნდა ვიყოთ, ძალიან კარგად დავიცვათ თავი და ბურთი მათზე მეტად გვქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თამაშის რიტმს და ინტენსივობას გააკონტროლებენ. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ფეხბურთის თამაში იციან, მათ ძალიან კარგი ფეხბურთი აქვთ, ვერტიკალური, ბურთით კარგად თამაშობენ. არ უნდა მივცეთ მათ გარკვეული სივრცე და ვეცადოთ, რომ ბურთი გვქონდეს, გავაკონტროლოთ თამაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააკონტროლებენ თამაშს და უბურთოდ ბევრი სირბილი მოგვიწევს“, - თქვა ჰაჯიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში 2 ივნისს, თბილისში უმასპინძლებს.





