ფეხბურთი

22:38 | 20.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპის ფორმატი შეცვალა

უეფამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე ფორმატის ცვლილების შესახებ გამოაცხადა და შეიცვლება ერთა ლიგის სტრუქტურაც.

უეფას აღმასკომმა ამ თემაზე თავის წევრ ფედერაციებთან იმუშავა, რის შედეგადაც ცვლილებები დაამტკიცეს.

ცვლილება მუნდიალის და ევროს შესარჩევში

თავიდანვე ვთქვათ, რომ ცვლილება ძალაში ევრო 2028-ის შემდეგ შევა, შესაბამისად, შესარჩევი ეტაპი ამ ფორმატით პირველად 2030 წლის მუნდიალისთვის ჩატარდება.

ტურნირი დაიყოფა ორ ლიგად: ლიგა 1, რომელშიც ერთა ლიგის A და B დივიზიონის 36 ნაკრები მოხვდება, ხოლო ლიგა 2-ში მოხვდება ერთა ლიგის C ლიგის 18 (ან 19 ნაკრები, თუ მანამდე უეფა რუსეთს დააბრუნებს).

საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიგა 1-ის 36 ნაკრები განაწილდება სამ ჯგუფად, თითოეულში 12 ნაკრებით და თითოეული ნაკრები 6 სხვადასხვა მეტოქეს შეხვდება - სამჯერ შინ, სამჯერ სტურად. თითოეული კალათიდან ორ-ორ მეტოქეს. სხვათა შორის, ეს ზუსტად იდენტური ფორმატია, რაც ახლა ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე მოქმედებს. ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სხვები კი პლეი-ოფში გააგრძელებენ ბრძოლას, სადაც ლიგა 2-ის ნაკრებებსაც ექნებათ მოხვედრის შანსი.

ტურნირის (ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის) მასპინძელი ნაკრებები შესარჩევ ეტაპზე მაინც მიიღებენ მონაწილეობას, რათა ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის რეიტინგი შედგეს, თორემ მასპინძლის სტატუსით ფინალურ ეტაპზე ავტომატურად ისედაც გასულები იქნებიან.

რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ნიშნავს, რომ შესარჩევ ეტაპზე გრანდები პატარა ნაკრებებს აღარ შეხვდებიან, მაგალითად: ინგლისი სან მარინოს ან საფრანგეთი - ანდორას.

ცვლილება ერთა ლიგის ფორმატში

ახალი სტრუქტურით, უეფას ერთა ლიგა 2028-2029 წლების სეზონიდან ამჟამინდელი ოთხი ლიგის ფორმატიდან სამ ლიგაზე (A, B, C) გადავა და ლიგებში 18-18 ნაკრები იქნება. თითოეული ლიგა შედგება ექვსი გუნდისგან შემდგარი სამი ჯგუფისგან, რომლებიც ხუთ სხვადასხვა მეტოქეს დაუპირისპირდებიან: ზოგს სახლში, ზოგს - სტუმრად. C ლიგაში 7 გუნდისგან შემდგარი ერთი ჯგუფი იქნება, რომელთა კალენდარი ერთი ფანჯრიდან ადრე დაიწყება. უცვლელი ფორმატი იქნება პლეი-ოფში, როგორც ახლაა: მეოთხედფინალები, ოთხთა ფინალი და დაწინაურების/გავარდნის პლეი-ოფები.

უეფა იტყობინება, რომ მომდევნო თვეებში ამ ყველაფერს დახვეწენ და საბოლოო სახეს მიიღებს, როდესაც უეფას აღმასკომის მომდევნო სხდომა სექტემბერში გაიმართება.

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ განახლებული ფორმატი მატჩებს გულშემატკივრებისთვის უფრო საინტერესოს გახდის: „ახალი ფორმატები გააუმჯობესებს ბალანსს, შეამცირებს უინტერესო მატჩების რაოდენობას, გულშემატკივრებს შესთავაზებს უფრო მიმზიდველ და დინამიურ შეჯიბრს, ამავდროულად უზრუნველყოფს ყველა გუნდისთვის სამართლიან საკვალიფიკაციო შანსს და საერთაშორისო კალენდარში დამატებითი თარიღების დამატების გარეშე. მოუთმენლად ველით ახალი შეჯიბრებების სისტემების დანერგვას“, - ამბობს ჩეფერინი.

თეგებიუეფა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091371