„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ჰარი მაგუაირი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა.
თომას ტუხელი გუნდის განაცხადს 22 მაისს გამოაქვეყნებს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მაგუაირი სიაში არ იქნება, რადგან მან სოციალურ ქსელში დაადასტურა ეს ცნობა:
„დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ზაფხულს ჩემი ქვეყნისთვის დიდი როლის შესრულება შემეძლო იმ სეზონის შემდეგ, რაც ჩავატარე. გადაწყვეტილებით შოკირებული და განადგურებული ვარ. ამ მაისურის ჩაცმა და ჩემი ქვეყნის წარმოჩენა წლების განმავლობაში, ყველაზე მეტად მიყვარდა. ფეხბურთელებს ამ ზაფხულს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, - დაწერა მაგუაირმა სოციალურ ქსელში.
მაგუაირს ინგლისის ნაკრებში 2017 წლიდან დღემდე 66 მატჩი (7 გოლი) აქვს ჩატარებული. ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისის ნაკრების განაცხადში ტუხელმა ასევე არ შეიყვანა კოულ პალმერი, ფილ ფოდენი, ლუკ შოუ და ფიკაიო ტომორი.





