ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო საბოლოო განაცხადის გამოცხადების შემდეგ იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ. მათ შორის ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა ფილ ფოდენის, კოლ პალმერის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისა და ჰარი მაგვაიერის განაცხადს მიღმა დატოვება.
"ბოლო სამი დღე სავსე იყო სატელეფონო ზარებით, ფიქრით, გადაწყვეტილებების მიღებით და, რა თქმა უნდა, ძალიან რთული არჩევანით. ახლა კი შვებასა და აღელვებას შორის ვარ. როგორც კი მოთამაშეების ენერგიასა და იმ ფეხბურთელების ენთუზიაზმს ხედავ, რომლებიც აირჩიე, და როცა საბოლოო გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია, ეს განსაკუთრებულ მუხტს გაძლევს. ყველაფერი უფრო ნათელი ხდება. ერთ კვირაში უკვე თვითმფრინავში ვიქნებით და ვერ ვითმენ, როდის ავალ ბორტზე და რეალურად ვიქნები მწვრთნელი.
ძალიან რთული სატელეფონო ზარები იყო, რადგან თითოეულ მათგანს დიდ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელსა და პიროვნებას. 55-კაციანი გაფართოებული სიიდან ყველა იმსახურებდა გამოძახებას, მაგრამ 26 მოთამაშემდე შემცირება მტკივნეულად რთული აღმოჩნდა. ამ საუბრებში ემოცია ნამდვილად იგრძნობოდა. ყველა ფეხბურთელს პირადად დავურეკე, ვინც ჩვენთან ერთად არ იქნება, რადგან მინდოდა მათ მიმართ დაფასება და პატივისცემა გამომეხატა.
ბევრი მათგანი იმსახურებდა გუნდში ყოფნას, მაგრამ საბოლოოდ იმაზე დავეყრდენით, რაც სექტემბერსა და ოქტომბერში ვნახეთ. ნოემბერში ძალიან მცირე ცვლილებები გვქონდა. გვყავდა ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი მონდომება და ენთუზიაზმი ჰქონდათ, და ვფიქრობ, ახალგაზრდებისა და გამოცდილების კარგი ბალანსი ჩამოყალიბდა, რამაც საუკეთესო შედეგი მოგვცა.
სწორედ ამიტომ დიდწილად იმ ჯგუფს ვენდეთ, რომელიც ამ სამ შეკრებაზე გვყავდა. ამას გარდა, მნიშვნელოვანი იყო პოზიციური ბალანსიც, ვერ წავიყვანდით ხუთ ნომერ ათიანს და შემდეგ მათ სხვა პოზიციებზე ვერ ვითამაშებდით. ეს ვის დაეხმარებოდა? ფეხბურთელს? თუ ჩვენ? არ მგონია", - განაცხადა ტუხელმა.
ინგლისის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე L-ჯგუფში ხორვატიის, განის და პანამის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.







