კვირას, 24 მაისს "მანჩესტერ სიტი" პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ბოლო შეხვედრას ჩაატარებს, ინფორმაცია თავად ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა. მისი თქმით, გუნდიდან წასვლის განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი წასვლის დრო დადგა.
"რა დრო გავატარეთ ერთად… არ მკითხოთ, რატომ მივდივარ. განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. არაფერია მარადიული. რომ ყოფილიყო, აქ დავრჩებოდი. მარადიული იქნება მხოლოდ ის გრძნობა, ადამიანები, მოგონებები და სიყვარული, რომელიც ჩემი "სიტის" მიმართ მაქვს.
ეს არის ქალაქი, რომელიც შრომით აშენდა. ამას აგურების ფერშიც ხედავ. ადამიანები, რომლებიც ადრე იწყებდნენ მუშაობას და გვიან ამთავრებდნენ. ქარხნები, პროფკავშირები, მუსიკა, ინდუსტრიული რევოლუცია და ის, თუ როგორ შეცვალა ამ ყველაფერმა მსოფლიო. ვფიქრობ, მეც გავიგე ეს და ჩემმა გუნდებმაც. ჩვენ ვშრომობდით, ვიტანჯებოდით, ვიბრძოდით და ყველაფერს ჩვენი გზით ვაკეთებდით, ჩვენი წესებით.
გახსოვთ ჩვენს სტადიონზე თავდასხმა (ტერაქტი)? მაშინ ამ ქალაქმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, სინამდვილეში რას ნიშნავს სიძლიერე. გახსოვთ, კოვიდის დროს დედა რომ დავკარგე? მაშინ ვიგრძენი, როგორ დამიდგა გვერდში ეს კლუბი. გულშემატკივრებო, სტაფის წევრებო, მანჩესტერელებო, თქვენ მომეცით ძალა მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
მინდა კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ნდობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის მიბიძგებდით წინსვლისთვის და მადლობა ამ უდიდესი სიყვარულისთვის", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" 2016 წლიდან მუშაობს და გუნდს დღემდე 20 ტიტული მოაგებინა, მათ შორის, 2023 წელს, ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა.





