ინგლისის პრემიერლიგის 2025-2026 წლების სეზონი დასრულდა: „არსენალმა“ 22-წლიანი პაუზის შემდეგ თასი ჩაიბარა, „ასტონ ვილამ“ მოიგო და პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე ადგილოსანი ვერ გავიდა, „ლივერპულიდან“ მოჰამედ სალაჰი და ენდრიუ რობერტსონი გააცილეს, „მანჩესტერ სიტიდან“ პეპ გვარდიოლა, ბერნარდო სილვა და ჯონ სტოუნსი, „ჩელსიმ“ ისე დაასრულა სეზონი, როგორც ჩაატარა, ხოლო „ტოტენჰემი“ გადარჩა და „ვესტ ჰემი“ გავარდა.
ჯერ სწორედ ამით დავიწყოთ, რადგან ეს მთავარი ინტრიგა იყო: „ვესტ ჰემმა“ „ლიდსი“ 3:0 გაანადგურა, მაგრამ „ჩაქუჩები“ „ევერტონის“ იმედად იყვნენ, რომელსაც „ტოტენჰემი“ უნდა დაემარცხებინა, რაც დევიდ მოიესის გუნდმა ვერ მოახერხა. ჟოაო პალინიას გოლით „დეზებმა“ მოიგეს და ადგილი შეინარჩუნეს. „ტოტენჰემმა“ 41 ქულით მე-17 ადგილი დაიკავა, შარშანაც ამ პოზიციაზე დაასრულა სეზონი, მაგრამ მაშინ, გაცილებით მშვიდად იყო. „ვესტ ჰემის“ გარდა, „ბარნლი“ და „ვულვზი“ გავარდნენ, თანაც დიდი ხნის წინ.
„ასტონ ვილა“ თუ წააგებდა და „ლივერპული“ მოიგებდა, მეექვსეადგილოსანი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა („ბორნმუთი“), მაგრამ ასე არ მოხდა: უნარი ემერის გუნდმა მანჩესტერში, „სიტი“ დაამარცხა ოლი უოტკინსის დუბლით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მერე აგებდა. პარალელურად, „ლივერპულმა“ „ბრენტფორდს“ ვერ აჯობა, გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო, რადგან ალისონი სეზონის ბოლო მატჩში დაბრუნდა.
გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა: პრემიერლიგაში - 10, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.
„ენფილდიდან“ ემოციურად გააცილეს მოჰამედ სალაჰი, რომელიც საგოლე პასით გამოირჩა და ენდრიუ რობერტსონი, ხოლო „ეტიჰადზე“ პეპ გვარდიოლას, ჯონ სტოუნსს და ბერნარდო სილვას დაემშვიდობნენ...
„არსენალმა“ ჩემპიონის რანგში სტუმრად „კრისტალ პალასს“ მოუგო და 85 ქულით იპირველა, საბოლოოდ, 7 ქულით აჯობა „სიტის“. „არსენალი“ მე-14-ედ გახდა ინგლისის ჩემპიონი.
„მანჩესტერმა“ ბრუნო ფერნანდეშის გოლით და საგოლე პასით 3:0 სძლია „ბრაიტონს“ და 71 ქულით მესამე პოზიცია დაიკავა. ბრუნომ რეკორდი დაამყარა - სეზონში 21 საგოლე პასი უნიკალური შედეგია.
„ჩელსის“ „სანდერლენდთან“ რომ არ წაეგო, ევროპა ლიგაზე გავიდოდა! მიუხედავად იმისა, რომ კოშმარული სეზონი ჩაატარა, ქულაც ეყოფოდა ევროპა ლიგაზე მოსახვედრად, მაგრამ ლონდონელებმა წააგეს - 1:2. შედეგად, ევროპა ლიგის ზონაში „სანდერლენდი“ შევიდა, გუნდი, რომელიც 1 წლის წინ დაბრუნდა პრემიერლიგაში, რანგით მეორე ევროტურნირზეა.
პრემიერლიგის საბოლოო შედეგები ასეთია: „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერი“, „ასტონ ვილა“ და „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ, „ბორნმუთი“ და „სანდერლენდი“ ევროპა ლიგაზე, „ბრაიტონი“ კონფერენს ლიგაზე. თუ „კრისტალ პალასი“ წელს კონფერენს ლიგას მოიგებს, ისიც ევროპა ლიგაზე გავა.
ჩემპიონშიფში გავარდნენ „ვულვზი“, „ბარნლი“ და „ვესტ ჰემი“, ხოლო იქიდან ამოვიდნენ „ქოვენთრი“, „იფსვიჩი“ და „ჰალ სიტი“.
საუკეთესო ბომბარდირი 27 გოლით ერლინგ ჰოლანდი გახდა, იგორ ტიაგომ 22 გოლით მეორე ადგილი დაიკავა.





