ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში და ზოგადად, სეზონის ბოლო მატჩში მესამე ადგილის ბედი წყდებოდა „ვილიარეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის, რომლებსაც ტურის წინ თანაბარი ქულები ჰქონდათ.
მარსელინო „ვილიარეალიდან“ დიდებულად გააცილეს, რადგან „ყვითელმა სუბმარინამ“ დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ 5:1 გაანადგურა, გიორგი მიქაუტაძემაც სეზონი გოლით დაასრულა.
დანი პარეხომ გახსნა ანგარიში, შემდეგ აიოზე პერესმა გაიტანა, ხოლო მე-40 წუთზე მადრიდელთა კარში გოლი მიქაუტაძემ შეაგდო. მალევე სტუმრებმა მარკ პუბილის გოლით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ 45-ე წუთზე პაპე გეიემ სამბურთიანი სტატუკვო აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში პერესმა დუბლიც შეასრულა და 5:1.
გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 42 შეხვედრაში 15 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. ჟორჟი "ვილიარეალის" სეზონის ბომბარდირი გახდა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.
„ვილიარეალმა“ სეზონი 72 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, მხოლოდ „ბარსელონას“ და „რეალს“ ჩამორჩა, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ხსენებული გუნდების გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ „ატლეტიკო“ და „ბეტისი“.
ევროპა ლიგაზე „სელტა“ და „სოსიედადი“, კონფერენს ლიგაზე „ხეტაფე“ ითამაშებს, ხოლო „რაიო ვალეკანო“ თუ კონფერენს ლიგას მოიგებს, ევროპა ლიგაზე გავა. ლა ლიგიდან გავარდნენ „მალიორკა“, „ჟირონა“ და „ოვიედო“. სამაგიეროდ, ლა ლიგა 2-დან ლა ლიგაში აღზევდნენ „რასინგი“ და „დეპორტივო“, მესამე გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.





