ესპანეთის ლა ლიგა2-ის 41-ე ტურში იური ტაბატაძის "კადისმა" საკუთარ მოედანზე "ლეგანესი" 3:0 დაამარცხა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
მატჩის დასრულების შემდეგ, "კადისის" ფეხბურთელებმა ლიგაში ადგულის შენარჩუნება გულშემატკივართან ერთად აღნიშნა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა ტრავმირებული იური ტაბატაძეც, რომელმაც სოციალურ ქსელში გულშემატკივარს მიმართა.
„ძალიან მიყვარხართ და მადლობა მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ ეს არ იყო ის წელი, რომელიც ყველას გვინდოდა, მაგრამ გპირდებით, რომ მომავალი წელი ჩვენი იქნება და მე უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე.
ჩვენ დავბრუნდებით პირველ დივიზიონში, სადაც "კადისს" ეკუთვნის ადგილი. ეს ქალაქი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს", - დაწერა იურიმ ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ იური ტაბატაძე "კადისს" 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა და ესპანური კლუბის მაისურით 18 შეხვედრაში 6 გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა შემდეგ მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მას 18 იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია. მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღად სექტემბერ-ოქტომბერი სახელდება.





