საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა ივნისის მატჩების შეკრების დაწყებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგად იცნობს რუმინეთის ნაკრებს და რთულ შეხვედრას ელოდება, მითუმეტეს, სეზონის ბოლოს.
„დავიწყეთ მზადება მოახლოებული მატჩებისთვის. რა თქმა უნდა, რთულია ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ამხანაგური მატჩების ჩატარება, თუმცა ეს ბოლო თამაშებია ერთა ლიგამდე. რუმინეთთან საინტერესო მატჩს ველი. კარგად ვიცი მათი ძლიერი მხარეები. ჩვენს მსგავსად, კარგად იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე. ახალი მწვრთნელი და ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. არ იქნება მარტივი თამაში, თუმცა, ვფიქრობ, ყველა სერიოზულად არის განწყობილი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შეკრებას ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად", - თქვა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს, "მიხეილ მესხზე" 21:00 საათზე, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც აქამდე ისტორიაში 8-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, 2021 წლის 2 ივნისს, სტუმრად ამხანაგურ თამაშში - 2:1 (გიორგი მიქაუტაძის და გიორგი აბურჯანიას გოლებით). მაშინაც, ნაკრებს ვილი სანიოლი წვრთნიდა. იქამდე, რუმინელებთან იყო ზედიზედ 7 მატჩი მოუგებლად.
5 ივნისს, ისევ "მიხეილ მესხზე", ოღონდ 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს ბაჰრეინის ნაკრების წინააღმდეგ. აქვე ვთქვათ, რომ რუმინეთთან მატჩში ეროვნულ ნაკრებში 129-ედ და ბოლოჯერ ითამაშებს გურამ კაშია, რომელსაც გაცილების მატჩი აქვს.





