ცნობილმა ანალიტიკურმა საიტმა Opta-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორი გავლენა აქვს ქართველ ფეხბურთელს პსჟ-ს თამაშში. სტატია, რომელიც ჟურნალისტმა დევიდ ველმა დაწერა, ასეთია:
„პლეი-ოფის ზედზედ შვიდ თამაშში გოლის ან საგოლე პასის წყალობით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში არცერთ მოთამაშეს არ შეუქმნია ისე დიდი გავლენა, როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ. გავაანალიზებთ, თუ როგორ აიყვანა მისმა შემოქმედებითობამ, ვერტიკალურობამ და თავგანწირვამ პსჟ ახალ დონეზე.
საქართველო მომავალ თვეში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება. საქართველო დიდი ხანია არის ერი, რომელიც ფეხბურთს ხელოვნების ინსტრუმენტად და არა უბრალოდ სპორტად მიიჩნევს. გიორგი ქინქლაძის მოცეკვავე ფეხებიდან დაწყებული, 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ისტორიული ტრიუმფით დამთავრებული, ქვეყანას ტექნიკური ოსტატების მდიდარი ისტორია აქვს.
ხვიჩა კვარაცხელია „დინამოს“ ყველაზე ცნობილი თანამედროვე შთამომავალია. სამშობლოსა და რუსეთში თამაშის დახვეწის შემდეგ, ის 2022 წელს „ნაპოლიში“ 21 წლის ასაკში გადავიდა. მან სწრაფად დაიმკვიდრა თავი, როგორც გუნდის ტექნიკურმა ლიდერმა და მთელ კონტინენტზე ახალმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა. სადებიუტო სეზონის ბოლოს იგი სერია A-ს MVP-ად და უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.
„კვარადონა“ ვეზუვის მთის ჩრდილში დაიბადა.
მეტსახელი გაზვიადება არ ყოფილა. იტალიაში ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში კვარაცხელიამ ღია თამაშიდან ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა, ვიდრე „ნაპოლის“ ნებისმიერმა სხვა მოთამაშემ (21 გოლი, 17 საგოლე გადაცემა) და სერია A-ში ყველაზე მეტი, 196 დრიბლინგი შეასრულა. სწორედ ესთეტიკური ბრწყინვალებისა და ეფექტურობის ამ ნაზავმა დაარწმუნა „პარი სენ-ჟერმენი“, რომ ის 2025 წლის იანვარში თავისი ევროპული პროექტის ქვაკუთხედად ექცია.
მისი ჩამოსვლისთანავე, ლუის ენრიკემ ზუსტად აღნიშნა, თუ რატომ დაიმატეს იგი: „მას ერთი-ერთზე თამაშის შესანიშნავი უნარი აქვს და შეუძლია თამაში როგორც შიგნით, ასევე ცხრა ნომრის პოზიციაზე. ის განასახიერებს მრავალფეროვნების იდეას, ჩვენი სისტემითვის იდეალური ფეხბურთელია“.
ევროპის დაპყრობა
თუ არსებობდა შიში, რომ „პარკ დე პრენსის“ სიმძიმე მის ნაპერწკალს ჩაახშობდა, ეს შიში სწრაფად ჩაქრა. ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ში დებიუტის შემდეგ, კვარაცხელია პარიზელთა შეტევის ცენტრში მოექცა.

მიმდინარე, 2025-2026 წლების სეზონში 16 საგოლე მოქმედებით ტურნირზე საუკეთესოა ჰარი კეინსა და კილიან მბაპესთან ერთად. რაც მთავარია, მან საუკეთესო შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპებისთვის შეინახა: 10 საგოლე მოქმედება ამ სეზონის პლეი-ოფის ფაზაში ტურნირის რეკორდია, ამასთანავე, ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ზედიზედ პლეი-ოფის შვიდ მატჩში გაიტანა ან საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ალიანც არენაზე“ „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩატარებული ერთი ეპიზოდი მისი ეფექტურობის იდეალურ მიკროკოსმოსად იქცა. პირველი გოლი, რომელიც სულ რაღაც სამ წუთში გავიდა, კოლექტიურ სტრუქტურაში ინდივიდუალური აჩქარების შედევრი იყო.

მოძრაობა ვილიამ პაჩოს ვერტიკალური პასით დაიწყო. საკუთარ ნახევარზე, კარისკენ ზურგით განლაგებულმა კვარაცხელიამ ცენტრში ჩამოიწია, პაუზა გააკეთა და ერთი შეხებით ფაბიან რუისს გაუკეთა პასი. სანამ ბურთი რუისამდე მივიდოდა, კვარაცხელია უკვე შეტრიალდა. მან დაიო უპამეკანო თავის ჩრდილში დატოვა და წამის მეასედში უძრავი სამიზნიდან სპრინტის მრბოლელად გადაიქცა.

რუისმა ქართველის განზრახვა შეასრულა და პირველივე ჯერზე იდეალურად შეძლო მისთვის სივრცეში ბურთის გადაწოდება. კვარაცხელია დამანგრეველი იყო: სამ წამში უკვე გაარღვია მოედნის შუა ხაზი და „ალიანც არენის“ საფარი შთანთქა. ბურთის ბოლო მესამედში გადატანის შემდეგ, კვარაცხელიამ ცივსისხლიანობა შეინარჩუნა: ნაჩქარევი ჩაწოდების ნაცვლად, მან ბურთი უსმან დემბელეს მიმართულებით ზუსტად გაუშვა, რომელმაც მას ადგილი კარში მიუჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი რუისის ხედვასა და დემბელეს მოძრაობასაც ეყრდნობოდა, მთავარი მამოძრავებელი ძალა კვარაცხელია იყო. ცხრა წამის განმავლობაში ქართველი ფლანგელი ბურთს ხუთჯერ შეეხო და 60 მეტრზე მეტი დაფარა.

მხატვრიდან ჯარისკაცამდე
ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით კვარაცხელიას თამაშში, შესაძლოა, ყველაზე გასაოცარი მოვლენა მისი თავდაცვითი ინდუსტრია იყოს. პსჟ-ს მწვრთნელმა თავიდანვე ნათლად თქვა: „მას დაცვის შესანიშნავი უნარი აქვს. გვჭირდება, რომ ყველა ფეხბურთელმა დაცვაში ითამაშოს“.
ეს თავმდაბლობა აშკარა იყო „ბაიერნთან“ განმეორებით მატჩში, სადაც პსჟ იძულებული გახდა გადარჩენილიყო ბურთის 35%-ზე ნაკლები ფლობა ჰქონოდა.
„ტექნიკურად, „ნაპოლიშიც“ ისეთივე კარგი ვიყავი“, - აღიარა კვარაცხელიამ პირველი მატჩის წინ. „თუმცა, ლუის ენრიკესთან ერთად დაცვაში ბევრად გავუმჯობესდი. მასთან დაცვაში მცველებივით უნდა ვითამაშოთ“.
მონაცემები მის სიტყვებს ადასტურებს. კვარაცხელია ერთ-ერთია იმ ორი ფლანგიდან, რომელმაც გასული სეზონის პლეი-ოფის რაუნდის დაწყებიდან ჩემპიონთა ლიგაზე 800-ზე მეტი მაღალი ინტენსივობის პრესინგი განახორციელა.
ამ თავდაცვითმა თავგანწირვამ კვარაცხელია სანახაობრივი ფეხბურთელიდან ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ შემტევ ფეხბურთელად აქცია. ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს „არსენალის“ წინააღმდეგ მომავალ ფინალში, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში მეორე კლუბი გახდეს, რომელიც ტიტულს შეინარჩუნებს. მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება თუ არა, „კვარადონა“ უკვე 2026 წლის ერთ-ერთი მანათობელი ვარსკვლავია“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის 2025-2026 წლების სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი 47 მატჩი, 19 გოლი და 10 საგოლე პასია - ჩემპიონთა ლიგაზე 15 თამაშში 10 გოლი და 6 ასისტი.







