„კრისტალ პალასი“ ისტორიის წერას აგრძელებს და ბოლო ერთ წელიწადში მესამე ტიტული მოიგო - ამჯერად, კონფერენს ლიგა.
ერთი წლის წინ „კრისტალ პალასს“ ისტორიაში არაფერი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ბოლო 12 თვეში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: ყველაფერი დაიწყო ინგლისის ასოციაციის თასის მოგებით, შემდეგ ინგლისის სუპერთასი მოიგო და ახლა ევროტურნირის ჯერიც დადგა.
კონფერენს ლიგის ფინალში ოლივერ გლასნერის გუნდი მადრიდის „რაიო ვალეკანოს“ შეხვდა, ტურნირის აღმოჩენას, რომელიც ფინალამდე მივიდა, მაგრამ ლაიფციგში გამართულ გადამწყვეტ მატჩში ვერაფერი გააწყო.
„რაიოს“ არაფერი დაუთმია ლონდონური გუნდისთვის, თუმცა, კლასმა მაინც თავისი გაიტანა - ინგლისურმა გუნდმა მოიგო. ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა. ესპანური გუნდის მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია და დამატებაზე ყველას ჟან-ფილიპ მატეტამ დაასწრო.
„რაიო ვალეკანოს“ დიდი დრო ჰქონდა გასათანაბრებლად, ცდაც არ დაუკლია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ორივე გუნდისთვის ეს ისტორიული ფინალი იყო, ამიტომ, მატჩის შემდეგ ემოციებიც ბევრი იყო - სიხარულის და მწუხარების.„კრისტალ პალსი“ კონფერენს ლიგის ჩემპიონია და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
„კრისტალ პალასს“ ოლივერ გლასნერი დიდებულად ემშვიდოდება - გერმანელმა სპეციალისტმა პატარა ინგლისურ კლუბს სამი ტიტული მოაგებინა და საოცარი ისტორიის დაწერაში დაეხმარა. გავიხსენოთ, რომ გლასნერმა მანამდე „აინტრახტს“ ევროპა ლიგა მოაგებინა. „კრისტალ პალასი“ 1988 წლის შემდეგ პირველი გუნდია, რომელმაც ევროტურნირებზე სადებიუტო სეზონში ჩემპიონობა მოახერხა. მანამდე, იგივე „მეხელენს“ ჰქონდა გაკეთებული.
„რაიო ვალეკანოც“ შექებას იმსახურებს - კლუბმა პირველად ითამაშა ევროტურნირის ფინალში. უნდა აღინიშნოს 38 წლის ინიგო პერესის მუშაობა, რომელიც დიდი ალბათობით, კარიერას „ვილიარეალში“ გააგრძელებს.
„კრისტალ პალასი“ – „რაიო ვალეკანო“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მატეტა (51)







