საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტური ქუთაისში გაიხსნა, სადაც "რამაზ შენგელიას" სახელობის არენაზე "ტორპედომ" "გაგრას" უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა.
შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და სტუმრებმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს, თავი უკრაინელმა ლეგიონერმა ილია სკრიპნიკმა გამოიჩინა. "ტორპედომ" მე-15 წუთზე კომნენ ადრიჩის გოლით გაათანაბრა, თუმცა 5 წუთში დავით მუჯირმა გაიტანა და როგორც შემდეგ გაირკვა მატჩის ბედიც გადაწყვიტა. დარჩენილ დროში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს, შედეგად "ტორპედოს" თერთმეტ მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ "გაგრამ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 17 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო "ტორპედო" 26 ქულით მეორეზეა.
მომდევნო ტური ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება, სადაც "ტორპედო" სტუმრად "სამგურალს" დაუპირისპირდება, ხოლო "გაგრა" "დინამო თბილისს" უმასპინძლებს.





