UFC-ის მებრძოლმა ისლამ მახაჩევმა და მისმა მენეჯერმა ალი აბდელაზიზიმ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე წინასწარი პროგნოზი გააკეთეს, მახაჩევის აზრით ილია ამ ბრძოლაში ფავორიტია, თუმცა მის მენეჯერს განსხვავებული მოსაზრება აქვს და თვლის, რომ გეიჯი მთელ მსოფლიოს გაოცებას შეძლებს.
ისლამ მახაჩევის კომენტარი
"უშუალოდ ბრძოლას რაც შეეხება, ვთვლი, რომ გეიჯის ჩამოწერა არ შეიძლება, რადგან ის ნამდვილი მეომარია და ამასთან ერთად ძალიან გამოცდილია, ილია თოფურია კი ახალგაზრდაა და ვთვლი მაყურებელი კარგ სანახაობას იხილავს. ჩემი აზრით ეს ბრძოლა ნაადრევად დასრულდება და ჩემი პროგნოზი ილიას გამარჯვებისკენ იხრება. რაც შეეხება ჩემსა და ილიას შორის ჩაშლილ ბრძოლას, ამასთან დაკავშირებით ბევრი საუბარი იყო, თუმცა ილიამ და მისმა გუნდმა ზუსტად იციან, თუ რატომ არ შედგა საბოლოო ჯამში ეს დაპირისპირება", - განაცხადა მახაჩევმა.
ალი აბდელაზიზის კომენტარი, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე განათავსა:
"ჯასტინ გეიჯი ისევ ჯასტინ გეიჯი იქნება და ის მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს. უბრალოდ, დაელოდეთ ბრძოლას", - დაწერა ალიმ.
ამ პოსტს სოციალურ ქსელში მალევე უპასუხა კომენტარის სახით თავად ილია თოფურიამ, რომელმაც სიცილის სმაილი დაუწერა ალის.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული ორთაბრძოლა 14 ივნის გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.







