ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ლუის ენრიკე ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო, ფეხბურთელობიდან მოყოლებული, რადგან განსაკუთრებული იყო. შემდეგ კი, როდესაც მწვრთნელი გახდა, მისი გავლენა ყველაფერში ჩანს: მენტალიტეტში, თამაშის მანერაში, ფეხბურთელების ქცევაში.
ეს მომენტი შესაძლებლობაა, ჩვენს ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა ფინალში ვართ და შეგვიძლია კლუბისთვის მნიშვნელოვანი რაღაცის მიღწევა. დიდი გამბედაობა და გამარჯვების სურვილი გვჭირდება. ამბიცია უფრო დიდია, ვიდრე წნეხი. ძალიან თავდაჯერებულები ვართ. ჩვენთვის ეს შესაძლებლობაა გავაკეთოთ ის, რაც აქამდე არასდროს გაგვიკეთებია. თამაშიდან თამაშამდე ფინალი დავიმსახურეთ, გვინდა გავიმარჯვოთ. როდესაც უკან ვიხედები, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვაჩვენეთ.
სეზონში დუბლის შესრულება ყველასთვის სიახლე იქნებოდა, რადგან კლუბი თავის ისტორიაში ახალ თავს დაწერდა. გვინდა, რომ ეს მოხდეს.
პსჟ მოქმედი ჩემპიონია და გვინდა, რომ თასი წავართვათ. პრემიერლიგის მსგავსი თასის მოსაგებად 22 წელი დაგვჭირდა და ახლა კიდევ ერთი შესაძლებლობა გვაქვს. ბიჭები საუკეთესო ფორმაში არიან“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.







