ფეხბურთი

23:05 | 29.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "ამჯერად ცოტა განსხვავებული ხასიათის შეკრებაა"

საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

29 მაისს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში კვლავ 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი სანაკრებო შეკრებას საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.

შეკრების მიმდინარეობისა და მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.

ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „ცოტა განსხვავებული ხასიათის შეკრებაა. ადრე შევიკრიბეთ და შედარებით მეტი დრო გვაქვს მოსამზადებლად. მნიშვნელოვანია ასევე იმ მხრივ, რომ გურამ კაშიას ბოლო თამაშია და ყველას გვინდა, ეს მატჩი ისე ჩატარდეს, როგორც მას შეეფერება. რთული მატჩისთვის ვემზადებით. ვიცით, რომ რუმინეთი ძლიერი გუნდია. მათ ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარეს, მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფშიც ითამაშეს. ამ მატჩის მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა წარმოვაჩინოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს, "მიხეილ მესხზე" 21:00 საათზე, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც აქამდე ისტორიაში 8-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, 2021 წლის 2 ივნისს, სტუმრად ამხანაგურ თამაშში - 2:1 (გიორგი მიქაუტაძის და გიორგი აბურჯანიას გოლებით). მაშინაც, ნაკრებს ვილი სანიოლი წვრთნიდა. იქამდე, რუმინელებთან იყო ზედიზედ 7 მატჩი მოუგებლად.

5 ივნისს, ისევ "მიხეილ მესხზე", ოღონდ 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს ბაჰრეინის ნაკრების წინააღმდეგ. აქვე ვთქვათ, რომ რუმინეთთან მატჩში ეროვნულ ნაკრებში 129-ედ და ბოლოჯერ ითამაშებს გურამ კაშია, რომელსაც გაცილების მატჩი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155432