დღეს დიდი ფეხბურთის დღეა. ფეხბურთი ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაირსახეობაა-მისი წლიური ფინანსური ბრუნვა დაახლოებით 65 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ეკონომიკური ირიბი ეფექტი 250 მილიარდ დოლარს აღწევს.
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფინანსური მაჩვენებლებით თითქმის აბსოლუტურად თანაბარი სიძლიერის გუნდები ხვდებიან. ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა Football Benchmark-მა თამაშის წინ გამოაქვეყნა ამ ორი კლუბის ფინანსური შედარება და ორივე მხრიდან თითო ფეხბურთელი გამოყო, რომლებმაც შესაძლოა მატჩის ბედი გადაწყვიტონ. აქეთა მხარეს ჩვენი ხვიჩაა (და არა დემბელე), იქეთა მხარეს-ბუკაიო საკა (და არა დეკლან რაისი, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს).
ხვიჩა კვარაცხელია „პსჟ“-ს ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია. აქ საბაზრო ღირებულება არ იგულისხმება, რომელსაც Transfermarkt-ზე ნახავთ. ეს უფრო იმ მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ სიტყვას „ძვირფასი“. მაგალითად, მესი ან რონალდო მსოფლიო ჩემპიონატზე შეიძლება „ძვირფასი“ მოთამაშეები იყვნენ, თუმცა მათი სატრანსფერო ღირებულება ნულისკენ მიისწრაფვის, რადგან კარიერის ბოლო ეტაპზე არიან. დაახლოებით ისე, როგორც 20 წლის „მერსედესი“ შეიძლება უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე 5 წლის „ჟიგული“:))
„პსჟ“-სა და „არსენალის“ ფეხბურთელების ჯამური ღირებულება ცალ-ცალკე დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, დღეს მოედანზე და სათადრიგო სკამებზე თითქმის 3 მილიარდი დოლარის აქტივი იქნება თავმოყრილი.
ველოდებით ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთ გაბრწყინებას. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს მატჩი, მან უკვე დატოვა თავისი კვალი როგორც „პსჟ“-ს, ისე “ნაპოლის“ ისტორიაში. დიდი ალბათობით, მის გარეშე ვერც პირველი მოიგებდა ჩემპიონთა ლოგას და ვერც მეორე გახდებოდა იტალიის ჩემპიონი.
წარმატებები ხვიჩას!
ჩვენ კი ტელევიზორებთან შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 8 საათზე







