ფეხბურთი

23:04 | 30.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას საკვანძო მოპოვებული პენალტი და მეორე ტრიუმფი: პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის გამარჯვებულია და ეს ტურნირი ისტორიაში მეორედ, თანაც, ზედიზედ მეორედ მოიგო! ხვიჩა კვარაცხელიაც უკვე ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა, მათ შორის, ფინალშიც, რომელშიც, მაშინ, როცა პსჟ „არსენალის“ დაცვას ვერაფერს უხერხებდა, ქართველმა პენალტი მოიპოვა, რაც საბოლოოდ, საკვანძო ამბავი იყო.

„არსენალისთვის“ თამაში იდეალურად დაიწყო და მეექვსე წუთზე დაწინაურდა: კაი ჰავერტცმა ისარგებლა პსჟ-ს დაცვის ზურგს არსებული სივრცით, საჯარიმოში შეიჭრა და მატვეი საფონოვს აუღებელი დაურტყა - მაღალ კუთხეში ძალიან ძლიერად.

„არსენალი“ დაწინაურდა, რაც ალბათ, მიკელ არტეტასთვის იდეალური სცენარი იყო - სწრაფი გოლი და დაცვაში განლაგება. „მეთოფეებმა“ სწორედ ასე განაგრძეს თამაში, შეტევაზე საერთოდ აღარ ფიქრობდნენ, მაგრამ პსჟ თავის მხრივ, ვერაფერს აკლდებდა მეტოქის დაცვას, „არსენალის“ დაცვაში ნაპრალები და ხარვეზები საერთოდ არ იყო. ტაიმიც ასე დასრულდა - 1:0 ინგლისური კლუბის სასარგებლოდ.

მეორე ნახევარიც დაახლოებით იდენტურად მიმდინარეობდა, „არსენალი“ არ უტევდა, მაგრამ ფეხბურთს არც პსჟ-ს ათამაშებდა და მთლიანად კონცენტრირებული იყო ანგარიშის შენარჩნებაზე. ლუის ენრიკეს გუნდს თამაში არ ჰქონდა, არ ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „არსენალი“ არ აძლევდა ამის უფლებას.

თუმცა, სიტუაცია შეიცვალა 64-ე წუთზე, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში აჯობა კრისტიან მოსკერას, ესპანელმა ქართველი წააქცია და პენალტი. სწორედ ასე გაათანაბრა პსჟ-მ, თერთმეტმეტრიანი უსმან დემბელემ შეასრულა ზუსტად - 1:1. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა, დანიელ ზიბერტმა მოსკერა აშკარად დაინდო, მას ყვითელი ბარათი ჰქონდა და კვარასთან უხეშობისთვის მეორე გაფრთხილებაც უნდა მიეღო, რაც გაძევებას გამოიწვევდა, მაგრამ არბიტრმა ის არ გააფრთხილა. გასაკვირი არაა, რომ მიკელ არტეტამ ესპანელი მცველი მაშინვე, დაუყოვნევლივ შეცვალა.

გამათანაბრებელი გოლის შემდეგ პსჟ უფრო ლაღი გახდა, არც ისე იდეალური, მაგრამ უკეთესი, ვიდრე გოლამდე იყო. ლუის ენრიკეს გუნდს წინ გასვლა შეეძლო: 77-ე წუთზე კვარაცხელიამ თავის ნახევარზე ვილიამ სალიბა მოატყუა და საჯარიმომდე იარა, იქ შესულმა კი დაარტყა და ბურთი ძელს მოხვდა - ქართველ ვარსკვლავს დიდებული გოლი გაჰქონდა, ოდნავ არ გაუმართლა. ხვიჩას მცირე დაზიანება ჰქონდა, რაც მატჩის დროსაც გაუმიზეზდა და 83-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი შეცვალეს.

ძირითად დროში აღარაფერი შეცვლილა, ფრე 1:1 და შესაბამისად, დამატებითი დრო. ვთქვათ ისიც, რომ მანამდე, პსჟ-ს დემბელეც დაუშავდა, რომელიც შესაცვლელი გახდა. დამატებით დროში აშკარა საგოლე მომენტები გუნდებს პრაქტიკულად არ ჰქონიათ, ნახევარი საათი ბრძოლაში გაილია და გამარჯვებულიც პენალტების სერიაში გამოვლინდა.

პენალტების სერიაც ზუსტად ისეთივე დაძაბული და დრამატული გამოდგა, როგორიც მატჩი: საბოლოოდ, პსჟ-მ 5-დან 4 პენალტი გაიტანა, მხოლოდ ნუნუ მენდეშის დარტყამ ვერ უწია მიზანს, ხოლო „არსენალმა“ 5-დან 3 პენალტი გააცუდა - ჯერ ებერეჩი აზემ ააცილა კარს, მერე სულ ბოლო, გადამწყვეტი პენალტი გაბრიელ მაგალაეშმა და პსჟ- ზედიზედ გაჩემპიონდა. "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის სეზონი წაუგებლად დაასრულა, მაგრამ ჩემპიონი მაინც ვერ გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „არსენალი“ 1:1 პენ: 4:3 (0:1)

ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი (ზაბარნი 106), პაჩო, ნუნუ მენდეში; ნევეში, ვიტინია (ბერალდო 106), ფაბინიო რუისი (ზაირ-ემერი 95); დუე, დემბელე (რამოში 90), კვარაცხელია (ბარკოლა 83)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

„არსენალი“ (4-3-3): რაია; მოსკერა (ტიმბერი 66), გაბრიელი, სალიბა, ინკაპიე; ლევის-სკელი (ზუბიმენდი 91), რაისი, ოდეგორი (გიოკერეში 66); საკა (მადუეკე 83), ჰავერტცი (ეზე 91), ტროსარი (მარტინელი 83)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

გოლები: 0:1 ჰავერტცი (6), 1:1 დემბელე (65, პენ)

პენალტების სერია: 1:0 რამოში, 1:1 გიოკერეში, 2:1 დუე, 2:1 ეზე (ააცილა), 2:1 ნუნუ მენდეში (მეკარე), 2:2 რაისი, 3:2 ჰაკიმი, 3:3 მარტინელი, 4:3 ბერალდო, 4:3 გაბრიელი (ააცილა)

გაფრთხილება: ნევეში (90), მენდეში (118) - მოსკერა (46), საკა (54), გიოკერეში (98), რაისი (103)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (4) – 8 (1) ბურთის ფლობა: 75%-25% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09678