ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში კვარაცხელიასნაირი გადამწყვეტი ფეხბურთელი არ ყოფილა და რომ არა მსოფლიოს ჩემპიონატი, ოქროს ბურთი მისი აუცილებლად იქნებოდა:
„მსოფლიოს ჩემპიონატი რომ არ იყოს, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონით ნამდვილად ოქროს ბურთს იმსახურებს. მისნაირი გადამწყვეტი გოლებში, საგოლე პასებში, უბრალოდ თამაშით, არავინ ყოფილა“, - აღნიშნა დელ პიერომ ფინალის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.







