ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა მარტინ კიოუნმა კრისტიან მოსკერა კრიტიკისგან დაიცვა და აღნიშნა, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა მისთვის არაბუნებრივ პოზიციაზე კარგად ითამაშა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ.
„მინდა, მოსკერაზე ვთქვა: მან ეს თამაში ძალიან კარგად ითამაშა, ერთადერთი შეცდომა პენალტი იყო. კვარაცხელია პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია, მოსკერას კი, რომელიც ცენტრალური მცველია, მარჯვენა მცველად თამაში მის წინააღმდეგ დაავალეს“, - აღნიშნა კიოუნმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
პსჟ-მ "არსენალი" პენალტების სერიაში დაამარცხა. ფრანგული გუნდი აგებდა, მაგრამ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც უსმან დემბელემ გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა.







