რაფაელ ლეაომ განაცხადა, რომ „მილანის“ დატოვება სურს. როგორც მან პორტუგალიურ მედიას უთხრა, მის კარიერაში ახალი გამოწვევის დროა და მზადაა ძალები სხვა გუნდში მოსინჯოს.
„მილანისთვის“ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, კლუბმაც ყველაფერი მომცა და ვამაყობ, რომ აქ ისტორია შევქმენი. ეს შესანიშნავი იყო. ვგრძნობ, რომ მზად ვარ ახალი გუნდისთვის, ახალი ჩემპიონატისთვის და ახალი გამოწვევისთვის. მინდა ახალ ლიგაში ვითამაშო“, - თქვა ლეაომ.
რაფაელ ლეაოს ბოლო დროს „მილანის“ ხელმძღვანელობის გარდა, გულშემატკივრებთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა, რასაც ახლა ეს განცხადება დაემატა, რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს.
ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი, რომელმაც „მილანის“ მაისურით 2019 წლიდან 291 მატჩში 80 გოლი გაიტანა და 2022 წელს იტალიის ჩემპიონი გახდა.





