„დინამო ბათუმმა“ ბულგარეთის ნაკრების წევრი ივან ტურიცოვი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ტურიცოვმა სამედიცინო შემოწმება სტამბოლში, კლინიკა Acibadem Fulya-ს ბაზაზე არსებულ FIFA Medical Centre of Excellence-ში გაიარა, რის შემდეგაც დინამოსთან ხელშეკრულება 2029 წლის ბოლომდე გააფორმა.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დინამოს ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა: „კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს“, - ამბობს ბულგარელი ფეხბურთელი.
ტურიცოვის ტრანსფერი ასევე შეაფასა „დინამო ბათუმის“ საფეხბურთო სტრატეგიის ხელმძღვანელმა, ზურაბ თიგიშვილმა:
„ივანზე აქცენტი გავაკეთეთ იმიტომ, რომ ის თავისი გამოცდილებით როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, ჩვენი გეგმების განხორციელებაში ძალიან დაგვეხმარება. სოფიის ცსკა-ს შემადგენლობაში მას საკმაოდ ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული, გუნდის კაპიტანი გახლდათ და ამ ყველაფერთან ერთად, ბულგარეთის ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კლუბს ზამთარში სატრანსფერო ბანი ჰქონდა, ეს პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარგად გვემუშავა. რამდენიმე თვეა, ახალ ფეხბურთელებზე ვმუშაობთ და ეს პერიოდი დაგვეხმარა, უფრო დეტალურად შეგვესწავლა ესა თუ ის მოთამაშე. ივან ტურიცოვის პროფილზე უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ, იყო ბევრი საუბარი როგორც ფეხბურთელთან, ასევე მის წარმომადგენლებთან. საბოლოოდ კი, ისე შევთანხმდით, რომ ტრანსფერი წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, მისი გამოცდილება დინამო ბათუმს ძალიან გააძლიერებს“.
ივან ტურიცოვმა კარიერის ძირითადი ნაწილი სოფიის ცსკა-ში გაატარა, სადაც გუნდის კაპიტანი გახლდათ. ბულგარულ კლუბში მან 222 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცსკა-ს გარდა, ტურიცოვი მცირე ხნით ბულგარული „ლიტექსის“ ღირსებასაც იცავდა.
ფეხბურთელი ასევე წარმატებით ასპარეზობს სანაკრებო დონეზე. მას ნათამაშები აქვს როგორც ბულგარეთის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში, ისე ეროვნულ გუნდში, რომლის მოქმედი წევრიც გახლავთ და მის რიგებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. მათ შორის, ორი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, 2022 წლის ერთა ლიგის გათამაშებაში.
სამედიცინო შემოწმებისა და დინამოსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ივან ტურიცოვი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას - 1 ივნისს მონტენეგროსა და 5 ივნისს მოლდოვის წინააღმდეგ. ტურიცოვი დინამო ბათუმს სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 16 ივნისს შეუერთდება. 22 ივნისს კი, მას შემდეგ რაც საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნება კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს და მას ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება მიეცემა.





