იტალიელებმა „ოქროს ბურთის“ ჟიურის წევრებს მოუწოდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მიუხედავად, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს, ოქროს ბურთი ქართველ ფეხბურთელს გადასცენ.
ინსტაგრამზე არსებობს ასეთი გვერდი - Chiamarsi Bomber, რომელსაც 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, სადაც სწორედ ასეთი მოწოდება გავრცელდა:
„ოქროს ბურთის ძვირფასო ჟიურის წევრებო, გთხოვთ: თუ პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატს ისე არ მოიგებს, რომ ვიტინია მუნდიალის ყველა მატჩის MVP გახდეს, თუ საფრანგეთი არ მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს ფინალში დემბელეს 6 გოლით, თუ ესპანეთი არ მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს ლამინ იამალის მარადონას მსგავსი თამაშით - მიეცით ამ ქართველ ბიჭს ოქროს ბურთი. წელს მსოფლიოში საუკეთესო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო“, - წერს აღნიშნული გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ფინალშიც, საკვანძო პენალტი მან გამოიმუშავა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.





