ცნობილმა გამოცემა Goal-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ოქროს ბურთის მოგების შესაძლებლობაზეა საუბარი.
კერძოდ იმაზე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი წინაა, სადაც კვარა ვერ ითამაშებს, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოცემა წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებისა და ტურნირის MVP-ად დასახელების გამო, ხვიჩას ოქროს ბურთის მოგების შანსი მაინც აქვს.
„ძმები კროოსების პოდკასტის, „Einfach mal Luppen“-ის ბოლო ეპიზოდში ფელიქს კროოსმა გაამხილა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის ჩანაწერების გაკეთებისას დაწერა: „ხვიჩა კვარაცხელია - ოქროს ბურთი“. თუმცა, ტონი კროოსმა, რომელიც ქართველის დიდი თაყვანისმცემელია, დაამატა - „ის მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდება“.
„რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა საფუძვლიანი საკითხი წამოჭრა: მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველთვის გავლენას ახდენდა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაზე და კვარაცხელია ტურნირში მონაწილეობასაც კი ვერ მიიღებს. თუმცა, უნდა ნიშნავდეს თუ არა ეს ჯილდოსთვის ბრძოლაში უშანსობას? ჩემპიონთა ლიგაზე მასზე უკეთესი ფეხბურთელი არ ყოფილა და ფინალში „არსენალთან“ გადამწყვეტი პენალტის მოპოვების შემდეგაც, ნუთუ ის მაინც არ იმსახურებს ოქროს ბურთს? მოკრძალებული კვარაცხელია უფრო მეტად „ოქროს ბურთზე“ უსმან დემბელეს კანდიდატურაზე საუბრობს, ვიდრე საკუთარ კანდიდატურაზე. „უსმანი გამორჩეული მოთამაშეა. ეს დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ. აჩვენა, თუ რატომ მოიგო „ოქროს ბურთი“ გასულ წელს და რატომ შეუძლია მისი ხელახლა მოგება“, - თქვა კვარაცხელიამ ფრანგი თავდამსხმელის შესახებ, როცა უსმანმა „ენფილდზე“ „ლივერპულთან“ დუბლი შეასრულა.
დემბელეს ნამდვილად შეუძლია გაიმეოროს თავისი წარმატება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის საფრანგეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იქნება, რომელიც მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. თუმცა, კვარაცხელია პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი იყო: სეზონის გადამწყვეტ ეტაპებზე ის უფრო ბრწყინავდა, ვიდრე დემბელე გასული სეზონის მეორე ნახევარში.
ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიაზე მეტ გოლში (16) არცერთ ფეხბურთელს არ მიუღია მონაწილეობა: 10 გოლი, რომელთაგან შვიდი პლეი-ოფში გაიტანა. მერვედფინალში ჩელსის წინააღმდეგ ორ თამაშში არაჩვეულებრივი იყო და მეოთხედფინალში „პარკ დე პრენსზე“ „ლივერპულთან“ შესანიშნავი თამაშით ზედიზედ მესამედ მოიპოვა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. თუმცა, სწორედ „ბაიერნთან“ ეპიკური გამარჯვების შემდეგ გაიმყარა კვარაცხელიამ თავისი ადგილი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის.
„კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მხოლოდ გაუმჯობესება შეუძლია. არ ვიცი, მარცხენა ფლანგზე დარჩება თუ არა, რადგან იცის, რა უნდა გააკეთოს ყველა სიტუაციაში. მომწონს მისი ინტელექტი. ის ნახევარდაცვაში დამატებითი ადამიანია და შეტევაშიც განსხვავებას ქმნის. საოცარია“, - ასე ახასიათებდა მას კლარენს ზეედორფი. დიდი ხანია ნათელია, რომ კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია. „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მაშინვე შეადარეს დიეგო მარადონას, 2022 წლის ივლისში, მოულოდნელი ტრანსფერიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში.
ლუის ენრიკეს უყვარს მეტსახელი „კვარადონა“ და თავადაც აღიარა, რომ იყენებს მას. თუმცა, ის ყველაზე მეტად აფასებს არა მის უნარებს, არამედ მენტალიტეტს. კვარაცხელიას დამსახურებული რეპუტაცია აქვს, როგორც „დიდი თამაშის ფეხბურთელი“ და ლუის ენრიკემ 22 აპრილს ნანტთან დუბლის შემდეგ ხუმრობითაც კი თქვა: „დღეს ყველაფერი არასწორად გააკეთა: ეგონა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა! ხვიჩა მთელი სეზონის განმავლობაში მაღალი დონეზე თამაშობს. შემტევ თვისებებს არ ვგულისხმობ, რადგან ეს ისედაც ყველამ იცის. მის ხასიათზე ვსაუბრობ, იმაზე, თუ როგორ იცავს თავს“.
„პარიზში ძალიან განვვითარდი და მოედანზე ნამდვილი მებრძოლი გავხდი. ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები, დაცვაშიც კი, რაშიც მწვრთნელი ძალიან დამეხმარა“, - ამბობდა კვარაცხელია: „მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში გადამწყვეტია. როდესაც ვინმე მშვიდად გელაპარაკება და ყველაფერს გიხსნის, ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიგოს და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო მისთვის, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. ის დიდი პატივისცემით გექცევა“.
ამ ურთიერთპატივისცემის წყალობით, კვარაცხელია სრულყოფილი ფეხბურთელი ხდება: დაუღალავი გარემარბი, ელვისებურად სწრაფი ფეხებით და ბურთის მუდმივი კონტროლით, ისეთივე შრომისმოყვარე, როგორც ეფექტური. როდესაც ის მეტოქეს ვერ სცდება, მთელი 90 წუთის განმავლობაში აპრესინგებს, რითაც კოშმარად იქცევა ყველასთვის, ვინც მის წინააღმდეგ თამაშობს.
„არსენალის“ ლეგენდამ, რეი პარლოუმ კვარაცხელია გამოარჩია, როგორც პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელზეც „არსენალს“ ყველაზე მეტად მოუწევდა ფიქრი გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. „ბაიერნთან“ საპასუხო მატჩში დემბელესთვის გაკეთებული საგოლე პასით, ქართველი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში მინიმუმ ერთ გოლში მიიღო მონაწილეობა.
ბუდაპეშტში გოლის გარეშეც კი, ის გადამწყვეტი იყო და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა სიაში პირველ ადგილზე გადავიდა. თუმცა, ამ სტატუსის შენარჩუნება სპორტის უდიდეს შეჯიბრში მონაწილეობის გარეშე რთული იქნება და ეს ჩრდილოეთ ამერიკაში მისი მეტოქეების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
1995 წლიდან, როდესაც არაევროპელი ფეხბურთელებსაც უფლება მიეცათ მოეგოთ „ოქროს ბურთი“, მსოფლიოს ჩემპიონატის წლებში ოქროს ბურთის შვიდი მფლობელიდან ოთხმა ასევე მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი: ზინედინ ზიდანმა (1998), რონალდომ (2002), ფაბიო კანავარომ (2006) და ლიონელ მესიმ (2023), მეხუთე ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა, „ოქროს ბურთი“ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის წყალობით მოიპოვა, სადაც ფინალში ითამაშა.
თუმცა, მისმა შთაგონების წყაროებმა - ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ 2010 და 2014 წლების მსოფლიოს ჩემპიონატები ვერ მოიგეს, მაგრამ „ოქროს ბურთი“ მაინც მოიპოვეს.
ცხადია, ის ჯერ არაა მათ დონეზე და ისეთივე პოპულარული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტონი კროოსი არ შეიძლება ცდებოდეს. მსოფლიოს ჩემპიონის არ გახდომა არ გამორიცხავს „ოქროს ბურთის“ მოგების შანსს. ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე ტრიუმფი, მითუმეტეს, როგორც ტურნირის MVP, შეიძლება მას აშკარა ფავორიტად აქცევდეს“, - წერს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ფინალშიც, საკვანძო პენალტი მან გამოიმუშავა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.




