ფეხბურთი

17:27 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "გული არაფერზე მწყდება, იღბლიანი კარიერა მქონდა"

გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში 129-ე და ბოლო შეხვედრას გამართავს. რუმინეთთან სპარინგი მისთვის ეროვნულ გუნდში ბოლო იქნება.

მატჩამდე ქართველმა მცველმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არ სურს, რუმინეთთან თამაშში სევდიანი განწყობა იყოს.

„შეგუებული ვარ 100%-ით, რომ ბოლო თამაშია. გული არაფერზე მწყდება, პირიქით მინდა, რომ სევდა ამ თამაშის გარშემო არ იყოს. მქონდა იღბლიანი კარიერა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, რომ გულშემატკივართან ერთად აღვნიშნოთ ხვალინდელი თამაში, მინდა, უფრო მეტი სიხარული იყოს, ვიდრე სევდა. იმედია, გავიმარჯვებთ, რომ თამაშის შემდეგ უფრო კარგ ხასიათზე ვიყოთ.

ხვიჩა კვარაცხელია უმაგრესი ადამიანია. ზოგჯერ ვარსკვლავებს სპეციფიური ხასიათი აქვთ, ბევრი ისეთი თანაგუნდელი მყოლია, ვისთანაც, როგორც კაპიტანს პრობლემა შემქნია. კვარა არის ძალიან თავმდაბალი, პროფესიონალი და მაგარი ადამიანი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს ძალიან მაგარი ლიდერი და კაპიტანი ეყოლება. მის საფეხბურთო თვისებებზე ჩემგან საუბარი ზედმეტია, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა... თამაშის მერე მივწერე, რომ როცა მომენტი გექნება, აუცილებლად დაფიქრდი, რამდენს მიაღწიე-მეთქი. თვითონაც უნდა გაითავისოს, რომ უდიდესი ფეხბურთელია და ყველამ უნდა ვიამაყოთი კვარათი, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს საოცარი მოვლენაა. მე, როგორც ფეხბურთის მოყვარული, მე მისი დიდი ფანი ვარ. საფრანგეთის ჩემპიონატს არ ვუყურებდი და ახლა, ყოველთვის ვუყურებ, კვარას გამო. მისნაირი ფეხბურთელი მსოფლიოში დღეს ძალიან ცოტაა. ფეხბურთი იმ მიმართულებით მიდის, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ კვარა არის ერთ-ერთი გამონაკლისი, რომლის ყურება მსიამოვნებს.

იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას.

ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დიდი წარმატებების შემდეგ გარკვეული წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, თუმცა ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია და ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ სრულიად სხვა სახეს მიიღებს.

ნაკრები ახალ ეტაპს დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია”, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობდა და 128 მატჩით ის გუნდის ყველა დროის რეკორდსმენია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166816