ფეხბურთი

19:42 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გეორგე ჰაჯი: "ორივე ფაზაში ფრთხილად უნდა ვიყოთ, საქართველო ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა"

რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგე ჰაჯიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან შეაქო ვილი სანიოლი, მისი გუნდი და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ვრცლად ილაპარაკა:

„საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში ძალიან კარგი გამოცდილება მიიღო და ძალიან გაიზარდა. შესანიშნავი მწვრთნელიც ჰყავს. ჩემი აზრით, ეს არის გუნდი, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს და სწრაფი შეტევები კარგად გამოსდის. ორივე ფაზაში ფრთხილად უნდა ვიყოთ და კარგად ვითამაშოთ.

რა თქმა უნდა, თქვენ გყავთ საოცარი ფეხბურთელი (ხვიჩა კვარაცხელია), რომელიც წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს. ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა ბოლო ორ წელში და მთავარი გმირი იყო. ვიცით, რომ მისით ამაყობთ. პსჟ-ს ფეხბურთელია, რომელსაც გოლებიც გააქვს და საგოლე პასებსაც აკეთებს. ის წლიდან წლამდე უმატებს, ახლა მეტი გამოცდილება აქვს, ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემთან შედარებით ის ნაკლი აქვს, რომ მემარჯვენეა, მე ცაცია ვიყავი... რა თქმა უნდა, ვხუმრობ.

სეზონის ბოლოა, არა მხოლოდ თქვენ, ჩვენც გვაკლია ფეხბურთელები, მაგრამ ვინც გვყავს, ვენდობით, ისინი რუმინეთში საუკეთესოები არიან. იმედი მაქვს, ძალიან კარგად ვითამაშებთ. ჩვენ ახლა კიბეზე ავდივართ, საუკეთესოები არ ვართ, მაგრამ ვცდილობთ, გავხდეთ. პრაგმატულები და კონკრეტულები უნდა ვიყოთ, მენტალიტეტი უნდა გვქონდეს ისეთი, რომ მოგება გვიყვარდეს, ჩვენ გამარჯვებისთვის ვთამაშობთ“, - თქვა ჰაჯიმ.

პრესკონფერენციაზე ასევე იყო რუმინეთის ნაკრების მცველი რადუ დრაგუშინი: "გვინდა, რაც შეიძლება მეტი სიხარული შევთავაზოთ ჩვენს გულშემატკივრებს. ეს არის ერთიანი ჯგუფი, მოტივირებული, ენთუზიაზმით სავსე და კარგი განწყობა აქვს. თითოეულ მწვრთნელს აქვს საკუთარი პიროვნება, საკუთარი იდეები, თითოეული მათგანი გუნდს რაღაც ახალს სძენს. ჰაჯი დიდ გულს დებს ამ საქმეში, სურს, რომ ვარჯიშზე ყველაფერი რაც შეიძლება კარგად გამოვიდეს. მუნდიალის ტელევიზორში ყურება? დიახ, მტკივნეულია, რომ იქ არ ვიქნებით, განსაკუთრებით მომდევნო პერიოდში, როდესაც მატჩები დაიწყება. თუმცა შემდეგ მიზნებს განვიხილავთ, რომლებიც ერთა ლიგასა და შემდეგ ფინალურ ტურნირებზე გასვლას წარმოადგენს. ამავდროულად, იგივე ატმოსფერო, იგივე ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და თითოეულმა ჩვენგანმა რაღაც დამატებითი უნდა შევიტანოთ გუნდში", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს, "მიხეილ მესხზე" 21:00 საათზე, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც აქამდე ისტორიაში 8-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, 2021 წლის 2 ივნისს, სტუმრად ამხანაგურ თამაშში - 2:1 (გიორგი მიქაუტაძის და გიორგი აბურჯანიას გოლებით). მაშინაც, ნაკრებს ვილი სანიოლი წვრთნიდა. იქამდე, რუმინელებთან იყო ზედიზედ 7 მატჩი მოუგებლად.

5 ივნისს, ისევ "მიხეილ მესხზე", ოღონდ 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს ბაჰრეინის ნაკრების წინააღმდეგ. აქვე ვთქვათ, რომ რუმინეთთან მატჩში ეროვნულ ნაკრებში 129-ედ და ბოლოჯერ ითამაშებს გურამ კაშია, რომელსაც გაცილების მატჩი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161615