„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო სეზონისთვის მუშაობას იწყებს. მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე სპორტულ დირექტორ ლუიშ კამპუთან ერთად უკვე მუშაობს ტრანსფერებზე, რომ გუნდი გააძლიეროს.
როგორც ცნობილი გახდა, ესპანელ სპეციალისტს სამ პოზიციაზე სურს ახალი ფეხბურთელი - მეკარე, მცველი და თავდამსხმელი. კონკრეტულ სახელები, ვინც შეიძლება პსჟ-მ დაიმატოს, ჯერ უცნობია.
ამავდროულად, ლუის ენრიკე უახლოეს ხანში კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. მხარეები თანამშრომლობით კმაყოფილი არიან და შეთანხმებაც ახლოსაა. ესპანელს მოქმედი კონტრაქტი გაისად ეწურება. მან პსჟ 2023 წელს ჩაიბარა და გუნდს დიდი ისტორია დააწერინა - ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
გარდა ამისა, იმ ფეხბურთელების ვინაობაც ხდება ცნობილი, რომლებიც პსჟ-ში ხელშეუხებელი არ არიან და თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებენ, კლუბი მათ წასვლას ხელს არ შეუშლის.
ფრანგული მედიის ცნობით, ლუკა შევალიე, გონსალო რამოში, კან-ინ ლი, ბრედლი ბარკოლა, რანდალ კოლო მუანი და იბრაჰიმა მბაიე ხელშეუხებელ ფეხბურთელთა სიაში არ შედიან და თუ მათზე კლუბი შეთავაზებას მიიღებს, მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ბოლო ორ სეზონში ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაშინ, როცა, მანამდე ეს ტურნირი არასდროს ჰქონდა მოგებული.





