საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რუმინეთთან ამხანაგურ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
გაირკვა, რომ ტრავმის გამო გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - "სენტ ეტიენის" შემტევი ზურიკო დავითაშვილი. მოგეხსენებათ, მანამდე, ამავე მიზეზით გიორგი მიქაუტაძეც ვერ გამოცხადდა შეკრებაზე. სამაგიეროდ, ხვიჩა კვარაცხელია გუნდს შეუერთდება, ოღონდ, მხოლოდ ბაჰრეინთან მატჩისთვის, რუმინეთთან კი ვერ ითამაშებს.
„როგორც პირველ, ისე მეორე მატჩში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. სამწუხაროდ, ეს ივნისის სანაკრებო პაუზისთვის დამახასიათებელი სიტუაციაა. ამავდროულად, ეს კარგი შესაძლებლობაა სხვა ფეხბურთელებისთვის, ითამაშონ და მეტი სათამაშო დრო მიიღონ, რადგან თუ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად არ თამაშობ, პროგრესირება რთულია.
ამიტომ, მომდევნო ორი მატჩი მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. როგორც გურამმა აღნიშნა, ხვალინდელი შეხვედრა რთული იქნება, რადგან რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და ნამდვილი საფეხბურთო ერია.
მინდა მადლობა გადავუხადო გურამ კაშიას, განსაკუთრებით იმ რჩევებისა და გამოცდილებისთვის, რომელსაც ის ახალ თაობას გადასცემს. წლების განმავლობაში გურამთან მუშაობის პატივი მქონდა. როგორც მწვრთნელმა და კაპიტანმა, ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. გვქონდა არაერთი გულწრფელი საუბარი იმის შესახებ, როგორ უნდა მოვემზადოთ, როგორ ვითამაშოთ და როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციას. გულწრფელად ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო თავისი გუნდისთვის", - განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს, "მიხეილ მესხზე" 21:00 საათზე, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც აქამდე ისტორიაში 8-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, 2021 წლის 2 ივნისს, სტუმრად ამხანაგურ თამაშში - 2:1 (გიორგი მიქაუტაძის და გიორგი აბურჯანიას გოლებით). მაშინაც, ნაკრებს ვილი სანიოლი წვრთნიდა. იქამდე, რუმინელებთან იყო ზედიზედ 7 მატჩი მოუგებლად.
5 ივნისს, ისევ "მიხეილ მესხზე", ოღონდ 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს ბაჰრეინის ნაკრების წინააღმდეგ. აქვე ვთქვათ, რომ რუმინეთთან მატჩში ეროვნულ ნაკრებში 129-ედ და ბოლოჯერ ითამაშებს გურამ კაშია, რომელსაც გაცილების მატჩი აქვს.





