საქართველოს 7-კაცა ნაკრები 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, 3-5 ივლისს ითამაშებს.
ჩვენი გუნდი გ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იტალია, ბელგია და ლიეტუვა იქნებიან. ა ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა, ხოლო ბ ჯგუფში ესპანეთი, გერმანია, ჩეხეთი და პოლონეთი ითამაშებენ.
საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის უმაღლეს დივიზიონში - ჩემპიონატში, მისი დაარსების დღიდან, 2002 წლიდან თამაშობს. 2010 წლამდე, შესარჩევი ტურნირების შემდეგ ერთი, ფინალური ეტაპი იმართებოდა. ამ პერიოდში ჩვენმა გუნდმა ერთხელ მეორე ადგილი (2002) დაიკავა, ორჯერ კი მესამე ადგილზე (2003, 2008) გავიდა.
2011-2019 წლებში ჩემპიონატი ხან ორ ეტაპად ტარდებოდა, ხან სამად და ხანაც 4-ად, ხოლო 2021 წლიდან დღემდე, რეგულარულად ორ-ორ ეტაპად იმართება. შარშან საქართველო ორი ეტაპის ჯამში მე-9 ადგილზე გავიდა. რაც შეეხება მის მეტოქეებს, შარშან იტალია მესამე იყო, ბელგია - მეოთხე, ხოლო ლიეტუვამ მე-10 ადგილი დაიკავა.
რაგბი ევროპის 7-კაცა ჩემპიონატის მეორე ეტაპი ხორვატიაში, სპლიტში, 24-26 ივლისსაა ჩანიშნული.
RUGBY.GE







