რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგე ჰაჯიმ საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა. როგორც მან თქვა, მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში რუმინეთს საქართველომ აჯობა.
„როგორც გუშინ ვთქვი, ვიცოდით, რომ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. ამის გათვალისწინებით, ვცადეთ ჩვენი სტილით თამაში, პირველ ტაიმში გვქონდა გარკვეულწილად რამდენიმე შანსი. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები ჩვენზე უკეთესი იყო, მაგრამ შევძელით თამაშში დაბრუნება და საბოლოო ჯამში, ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ“, - თქვა ჰაჯიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო რუმინეთს ისტორიაში მეცხრედ შეხვდა და სტატისტიკა უარყოფითი აქვს - ერთადერთი მოგება, ორი ფრე და ექვსი წაგება. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 5 ივნისს, ისევ "მიხეილ მესხზე" ბაჰრეინთან გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.





