ფეხბურთი

23:55 | 2.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "იეგოიანმა ისე ითამაშა, თითქოს, ჩვენს გუნდში დიდი ხანია თამაშობს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

"ვფიქრობ, მარტის მატჩებთან შედარებით დიდი პროგრესი და წინსვლა იყო, რადგან დღეს ხარისხის და ინტენსივობის მხრივ საინტერესო ფეხბურთი ვითამაშეთ. ერთი კვირა გვქონდა მოსამზადებლად, რამაც გავლენა იქონია. სამ დღეში მეორე მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, ასევე ვითამაშებთ. ახალმა ფეხბურთელებმა გუნდში სიახლე შმოიტანეს. ვფიქრობ, ბოლო ერთ წლის განმავლობაში ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო.

ირაკლი იეგოიანის თამაშს დიდი ხანია ვუყურებთ, მაგრამ გვსურდა, კლუბში სეზონი სრულად ჩაეტარებინა. მას აქვს ნიდერლანდური ფეხბურთის სკოლა. ისე ითამაშა, თითქოს, გუნდის ახალი წევრი კი არ არის, არამედ დიდი ხანია ჩვენთანაა. ქოჩორაშვილის, კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის გვერდით გვჭირდება ასეთი თვისებების მქონე ფეხბურთელი.

გიზო მამაგეიშვილის თამაში მომეწონა. მისთვის ეს არ არის ბუნებრივი პოზიცია, მაგრამ სწავლობს, ეჩვევა და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მარტივად ახერხებს ახალ პოზიციასთან ადაპტირებას

გამიმართლა, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გურამ კაშია მყავდა. კაშიასთან ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი თამაში თითქმის ყოველ ჯერზე უმაღლეს დონეზე იქნებოდა, და სწორედ ამას ველოდები ჩემი ცენტრალური მცველებისგან. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩიდან მატჩამდე სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში. ამისთვის აუცილებელია, რომ კარგ კლუბში, მაღალ დონეზე, ყოველ კვირას ან თუნდაც კვირაში ორჯერ თამაშობდე, რათა იგივე ხარისხის თამაში ეროვნულ ნაკრებშიც აჩვენო", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რუმინეთს ისტორიაში მეცხრედ შეხვდა და სტატისტიკა უარყოფითი აქვს - ერთადერთი მოგება, ორი ფრე და ექვსი წაგება. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 5 ივნისს, ისევ "მიხეილ მესხზე" ბაჰრეინთან გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.119869