რაგბი

20:52 | 2.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

ურუგვაი

ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეორედ ითამაშებს. ის ა ჯგუფში საქართველოსთან, სამხრეთ აფრიკასთან და უელსთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ურუგვაი თბილისში, “ავჭალაზე” გამართავს და 27 ივნისს, 20:30 საათზე მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება; 2 ივლისს 13 საათზე უელსს ეთამაშება; 7 ივლისს 20:30 საათზე კი საქართველოს შეერკინება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

2009 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ურუგვაიმ ხუთივე შეხვედრა დათმო, დაიკავა ბოლო ადგილი და ალაფაზე დაქვეითდა. მაშინ მას ჯგუფურ ეტაპზე ახალმა ზელანდიამ 75:0 მოუგო, რაც ამ გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მარცხია.

ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ოფიციალური საერთაშორისო თამაში 2008 წლის ალაფაზე გამართა და სამხრეთ კორეა 67:8 დაამარცხა. ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით - 82:0, მან ამავე წელს იამაიკას მოუგო. მაშინ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პირველად შეხვდა ურუგვაის და მეტოქემ, რომელიც საბოლოოდ ალაფის გამარჯვებული გახდა, 20:16 გაიმარჯვა.

მას შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები ურუგვაელ თანატოლებს ალაფის ფარგლებში კიდევ ორჯერ ეთამაშნენ და მეტოქე ორივეჯერ დაჯაბნეს: 2011 წელს მესამე ადგილისთვის 20:15, ხოლო 2015 წელს ჯგუფურ ეტაპზე 46:12. 2015 წელს საქართველო ალაფის გამარჯვებული გახდა, 12 საუკეთესოს შორის აღზევდა და ურუგვაისთან მეოთხედ შერკინება ახლაღა მოუწევს.

როგორც ზოგადად სამხრეთ ამერიკაში, ურუგვაიშიც რაგბი ბრიტანელებმა ჩაიტანეს და პირველი თამაში 1880 წლით თარიღდება. გასული საუკუნის 20-იან წლებში პირველი სარაგბო კლუბიც დაარსდა, თუმცა სპორტის ამ სახეობის მასობრივი განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. ურუგვაის პირველი სარაგბო ჩემპიონატი 1950 წელს ჩატარდა, მომდევნო წელს კი ურუგვაის რაგბის კავშირი დაარსდა.

„ლოს ტეროსმა“ (ურუგვაის ეროვნული ნაკრების თიკუნი) პირველი ოფიციალური თამაში 1948 წელს ჩილესთან, არგენტინაში გამართა და 21:3 გაიმარჯვა. ურუგვაის ნაკრებმა სარეკორდო გამარჯვება 2011 წელს პარაგვაისთან მოიპოვა (102:6), თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 2005 წელს სამხრეთ აფრიკასთან (3:134) დამარცხდა.

„ლოს ტეროსს“ ხუთ მსოფლიო თასზე უთამაშია - 1999, 2003, 2015, 2019 და 2023 წლებში. 2019 წელს ის სენსაციის ავტორი შეიქმნა, როდესაც ფიჯის ძლიერ გუნდს ყველასთვის მოულოდნელად 30:27 სძლია.

ბოლო წლებში ურუგვაიში რაგბი სწრაფი ტემპებით ვითარდება, რამაც რეიტინგში მათი წინსვლა განაპირობა და ამჟამად „ლოს ტეროსი“ 69.19 ქულით, მე-15 პოზიციაზე იმყოფება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095775