საქართველოს ნაკრებმა თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგური თამაში გამართა და დაუზავდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, საქართველოს ნაკრები მთლიანობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნას ადვილად ვერ ახერხებდა. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, გიორგი მამარდაშვილმა ფეხით არადამაჯერებლად იმოქმედა, მაგრამ საქართველოს ნაკრები გოლისგან ლუკა ლოჩოშვილმა იხსნა, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
ამის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდსაც მიეცა რეალური ანგარიშის გასახსნელად, როცა ბუდუ ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვიზავის ვეღარ აჯობა. შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა სცადა შორიდან - ოდნავ არაზუსტად. პირველი ტაიმის მიწურულს ჩაკვეტაძე დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა, ამ ეტაპზე უცნობია ტრავმის ხარისხი. მის ნაცვლად მოედანზე ირაკლი იეგოიანი შევიდა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების გოლით დაიწყო. გიზო მამაგეიშვილმა იეგოიანთან კომბინაცია გაითამაშა, საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც რუმინელი მეკარე მარიან აიოანი უხეშად შეცდა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და იქვე, გიორგი ქვილითაია იყო, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა - 1:0.
სანიოლის გუნდს ძალიან მალე მეორე გოლის შანსი ჰქონდა: მამაგეიშვილის ჩაწოდების მერე ზივზივაძეს გატანა მართებდა, მაგრამ ძალიან ახლო მანძილიდან, როცა ხელსაც არავინ უშლიდა, არაზუსტად დაარტყა. სამაგიეროდ, 55-ე წუთზე გეორგე ჰაჯის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა - ვლადიმირ სკრეჩიუს ჩაწოდების შემდეგ ლოჩოშვილს ლუის მუნტეანუ გაექცა, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა და 1:1.
65-ე წუთზე გურამ კაშია შეცვალეს, რომელსაც ორივე გუნდის ფეხბურთელებმა საპატიო დერეფანი გაუკეთეს. ეს იყო გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო მატჩი და იგი ოვაციებით გააცილეს. კაშიამ 2009-2026 წლებში საქართველოს ნაკრებში 129 თამაში ჩაატარა, რითაც საქართველოს ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენია, მასზე მეტჯერ ეროვნულ გუნდში არავის უთამაშია.
საქართველოს ნაკრებს 70-ე წუთზე კარგი შანსი ჰქონდა, როცა იეგოიანი-ქვილითაიას შესანიშნავი კომბინაციის მერე შეცვლაზე შესული გიორგი კვერნაძე ურტყამდა, კარგი პოზიციიდან, მაგრამ არაზუსტად. კომპენსირებულ დროში იეგოიანმა სცადა გატანა შორი მანძილიდან, ცოტა ააცილა და გუნდებიც დაზავდნენ - ფრე 1:1.
ამ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც თბილისში მხოლოდ დღეს ჩამოვიდა, სამაგიეროდ, ის გუნდს მომდევნო სპარინგში დაეხმარება. აქვე ვთქვათ, რომ ტრავმების გამო საქართველოს ნაკრებს მიმდინარე შეკრებაზე გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი გულიაშვილი დააკლდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს ისევ „მიხეილ მესხზე“, 5 ივნისს, ბაჰრეინის ნაკრებთან გამართავს.
საქართველო - რუმინეთი 1:1 (0:0)
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი; გოგლიჩიძე (გელაშვილი 83), კაშია (ბერიაშვილი 66), ლოჩოშვილი (დვალი 66); მამაგეიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე (იეგოიანი 46), აზაროვი; ქვილითაია (მექვაბიშვილი 83), ზივზივაძე (კვერნაძე 66)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
რუმინეთი (4-2-3-1): აიოანი (ინდრიხი 63); კუბისი (ილიე 63), დრაგუშინი, გიტა (სორესკუ 78), ბორზა (ეისატი 46); მარინი (ჩიკალდაუ 46), სკრეჩიუ (მატეი 71), მორუტანი (დობრე 46), ჰაჯი (ბალუტა 63), მიჰაილა (ბაიარამი 63); კომანი (მუნტეანუ 46)
მწვრთნელი: გეორგე ჰაჯი
გოლები: 1:0 ქვილითაია (46), 1:1 მუნტეანუ (55)
გაფრთხილება: ქვილითაია (59), გოგლიჩიძე (80) - სკრეჩიუ (41), დრაგუშინი (59), ბალუტა (82), ილიე (85)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 5:6
მსაჯი: მოჰამედ ალ-მაზეედი (კატარი)





