საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბაჰრეინთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
„ბაჰრეინის ნაკრებმა ბოლო წლებში აზიის თასზე საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა და ვფიქრობ, კარგი იქნება ახალ გუნდთან სპარინგი, სერიოზულად უნდა მივუდგეთ მეტოქეს და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები პროფესიონალურად მიუდგებიან თამაშს.
ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოული არ არის, ხვალ ვერ ითამაშებს, მაგრამ მალე განაახლებს ვარჯიშს. ხვიჩა ხვალ ითამაშებს, გვიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა.
ძალან კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების მიდგომით, იმით, რაც ამ შეკრებაზე ვნახე. ამის შედეგი იყო გაუმჯობესებელი თამაში, რომელიც რუმინეთთან ვნახეთ. ამ პროცესის ლოგიკური დასასრული იქნება ბაჰრეინთან გამარჯვება და ბევრი გოლი. მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილს ცოტა რთული სეზონი ჰქონდა, თუმცა ის ძალიან ძლიერი მეკარეა, გვინდა, რომ პოზიციაზე ორი-სამი ძლიერი მეკარე გვყავდეს, ლუკა გუგეშაშვილი ამ სიაშია და ხვალ შანსი მიეცემა.
ბართიშვილი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შემდეგი ნაბიჯი რომ გადადგან და კარიერაში წარმატებას მიაღწიონ, ტექნიკურ თვისებებთან ერთად, აზროვნებაც საჭიროა, ამის იდეალური მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა. იმედი მაქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელები გააგრძელებენ შრომას, განვითარებას და ამაში მაქსიმალურად დავეხმარებით. ვიმედოვნებ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ დაცვაში გარკვეული ცვლილებები მოხდებოდა. არაერთ მცველს მივეცით შანსი, თუმცა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოქმედებს მთელი გუნდი მოედანზე და არა მხოლოდ კონკრეტულად მცველები. შემტევებზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებთ დაცვაში.
მიქაუტაძეს „ვილიარეალში“ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, ადაპტაცია გაიარა და მიხარია, რომ კარგი სეზონი ჩაატარა. მამარდაშვილის ტრანსფერი „ლივერპულში“ ყველას ძალიან გაგვიხარდა, რადგან ძალიან დიდი გუნდია, მაგრამ ფეხბურთელებისთვის საჭიროა სათამაშო პრაქტიკა, განსაკუთრებით ამ ასაკში. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, რომ გიორგი სხვა გუნდში გადავიდეს და სათამაშოდ სხვა შესაძლებლობა მოძებნოს“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბაჰრეინის მატჩი 5 ივნისს, 20:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.





