მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხმაურიანი დაპირება გააკეთა - „რეალი“ სულ მალე შეთავაზებას გააკეთებს ფეხბურთელზე, 150 მილიონი ევროს ოდენობით.
პერესმა არ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც გულისხმობს, მაგრამ თქვა, რომ ის არ არის მაიკლ ოლისე, ჰარი კეინი და მეტი სიცხადისთვის აღნიშნა, რომ ის პრემიერლიგაშიც არ თამაშობს... მოკლედ ბევრი ვარიანტი არ დარჩა: სრულიად ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ „რეალი“ ხვიჩა კვარაცხელიაზე ამზადებს გრანდიოზულ შეთავაზებას, ყოველ შემთხვევაში, ეს გამორიცხული ნამდვილად არაა:
„შემიძლია სამი დადასტურებული ამბავი უკვე გითხრათ: მოურინიო ჩვენი მწვრთნელი იქნება მომდევნო სეზონში, იბრაჰიმა კონატე და დენზელ დუმფრისი ჩვენთან ითამაშებენ. თუმცა, კიდევ ბევრი ტრანსფერი იქნება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ჩვენთან თამაში სურთ.
სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეთავაზებას გავაკეთებ. ეს იქნება, ყველაზე დიდი სატრანსფერო თანხა, რაც კი ოდესმე „რეალს“ გადაუხდია - სულ მცირე, 150 მილიონი ევრო.
ოლისეს ვგულისხმობ? არა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მას არ ვგულისხმობ. არც დოკუა და არც ჰოლანდია, ის პრემიერლიგაში საერთოდ არ თამაშობს. არც ჰარი კეინია... ფიგუ, ზიდანი, რონალდო, კრიშტიანუ, კაკა - ამ კალიბრის ფეხბურთელი იქნება და პრემიერლიგაში არ თამაშობს, ნამდვილი გალაქტიკოა.
ჰოლანდი? ეს ყველამ უარყო, მისმა აგენტმა, მამამ, დედამ, ეს ბლეფია. ჰოლანდი „რეალში“ არ ითამაშებს.
150-მილიონიანი სუპერვარსკვლავი თავდამსხმელი არ იქნება, რადგან ამ პოზიციაზე „რეალს“ არავინ სჭირდება? როდესაც „რეალში“ ხარ, ყოველთვის უფრო მეტი გჭირდება“, - დასძინა პერესმა.





