საქართველოს ნაკრებმა ივნისის ფანჯარაში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ბაჰრეინის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
ვილი სანიოლის გუნდს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. წინა მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში სხვა ცვლილებებიც იყო.
ვილი სანიოლის გუნდს ძალიან გაუჭირდა მეტოქესთან, რომელსაც ისტორიაში პირველად შეხვდა. პირველ ტაიმში პრაქტიკულად არაფერი საინტერესო არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ერთ რეალურ საგოლე მომენტს, როცა ოთარ კიტეიშვილის თავური დარტყმა სტუმართა კარს ძალიან მცირე მანძილით ასცდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უფრო გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო: 52-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის კარგი ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილმა შესანიშნავად ითამაშა დასწრებაზე და ანგარიში გახსნა. მალევე, საქართველოს უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ბაჰრეინი კარის ძელმა იხსნა.
სამაგიეროდ, 77-ე წუთზე გავიდა მეორე გოლი: შეცვლაზე შესულმა გიორგი კვერნაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლად აქცია. მან ეროვნულ ნაკრებში 23-ე გოლი გაიტანა და გიორგი მიქაუტაძეს გაუტოლდა, რომლებიც მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ ყველა დროის ბომბარდირებში და შოთა არველაძეს მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩებიან.
საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო, მაგრამ თამაშის ხარისხი კარგისგან ძალიან შორს იყო. ფაქტია, რომ სამწვრთნელო შტაბს დიდი სამუშაო აქვს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მომდევნო ფანჯარა უკვე ოფიციალური მატჩებისაა, თანაც თითქმის 4 თვის შემდეგ, რაც დიდი დროა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ერთა ლიგის პირველი ტურის ეგიდით, 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან გამართავს. 28-ში უკრაინას უმასპინძლებს, 2 ოქტომბერს, უნგრეთს ესტუმრება, ხოლო 5 ოქტომბერს - ჩრდილოეთ ირლანდიას.
საქართველო - ბაჰრეინი 2:0 (0:0)
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო (3-5-2): გუგეშაშვილი (კერესელიძე 81); გოგლიჩიძე, ბერიაშვილი (გელაშვილი 80), ლოჩოშვილი; ლობჟანიძე (მამაგეიშვილი 80), კიტეიშვილი (კვერნაძე 71), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 71), იეგოიანი (გაგნიძე 71), ხარებაშვილი (აზაროვი 46); კვარაცხელია, ქვილითაია (ზივზივაძე 46)
გაფრთხილება: ბერიაშვილი (25)
გოლი: 1:0 ლოჩოშვილი (52), 2:0 კვარაცხელია (77, პენ)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 6 (0) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 8:1
მსაჯი: დანკან ნიკოლსონი (შოტლანდია)





