ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა აშშ-ში შესასვლელი ვიზები მიიღეს, რაც მათ საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა.
ვიზების საკითხი ბოლო დღეებში სერიოზულ პრობლემად იყო ქცეული. ირანის ნაკრებს აშშ-ში გამგზავრებამდე ვიზების მიღება უჭირდა, რის გამოც გუნდმა საწვრთნელი ბაზა აშშ-დან მექსიკაში გადაიტანა და მზადებას ქალაქ ტიხუანაში აგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების ვიზები უკვე დამტკიცებულია, ირანული მედიის ცნობით, ადმინისტრაციული შტაბის რამდენიმე წევრი კვლავ ელოდება ნებართვის მიღებას. მათ შორის არიან ფეხბურთის ფედერაციის ზოგიერთი ოფიციალური პირი.
ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს 15 ივნისს, ლოს-ანჯელესში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფურ ეტაპზე ირანის მეტოქეები ასევე ბელგია და ეგვიპტე იქნებიან.







