საქართველოს 7-კაცამ, პორტუგალიის ქალაქ ალგარვეში გამართულ მოსამზადებელ ტურნირზე, ექვსიდან ხუთი თამაში მოიგო და მეორე ადგილი დაიკავა.
პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშის მოგების („კაშკაისთან“ 19:17, შვეიცარიასთან 14:7, ჩინეთთან 12:5) შემდეგ, დღეს თასის 1/4-ფინალში „ოქსფამ კურასდერს“ შევხვდითდა თამაში 0:5 ჩამორჩენის შემდეგ შემოვატრიალეთ. გაშვებულ ლელოს იაგო ხაბულიანმა სწრაფად უპასუხა და გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. მეორე ტაიმის დასაწყისში ხაბულიანმა დუბლი გაიფორმა. მეტოქემ წონასწორობის აღდგენა მოახერხა, თუმცა საბა არჩვაძემ გამარჯვების ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ 19:12 მოვიგეთ.
თასის ნახევარფინალში ‘სევენტისს’ შევხვდით, 6 ლელო გავიტანეთ, ორი გარდასახვა გამოვიყენეთ და 34:5 გავიმარჯვეთ. ანგარიში საბა არჩვაძემ გახსნა, მეორე ლელო ლუკა ალიბეგაშვილმა მიითვალა და ტაიმი 14:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ალიბეგაშვილმა დუბლი გაიფორმა, შემდეგი ორი ლელო დავით კვირიკაშვილმა მიითვალა, საბოლოო წერტილი კი ნიკოლოზ რეხვიაშვილმა დასვა.
ფინალში მასპინძელი პორტუგალია გვერგო და პირველი ტაიმის შემდეგ 0:12 ჩამოვრჩით. მეორე ტაიმში მატიას მოდებაძემ ერთი ლელო გაქვითა და შეხვედრა 5:12 დასრულდა.







